ბოლო დღეებში, რუსეთში კოვიდ-19-ის გავრცელების რეკორდული მაჩვენებელი ფიქსირდება. დღე-ღამეში 40 ათასზე მეტი ახალი ინფიცირების შემთხვევა პანდემიის დაწყების დღიდან რეკორდულ მაჩვენებელს წარმოადგენს. 24 საათში ათასზე მეტი პაციენტი იღუპება.
არა და, ვლადიმერ პუტინმა, რუსეთი, მსოფლიოს ნომერ პირველი ანტი კოვიდ ვაქცინის მწარმოებელ სახელმწიფოდ დაასახელა. ასევე, ცნობილია, რომ „Спутник V“-ის მასობრივ ექსპორტს რუსული მეცნიერება და ფარმაცევტიკა მსოფლიო მასშტაბით უნდა ესახელებინა. კრემლი და მისი მეთაური ყველა მეგობარ სახელმწიფოს და მის მიერ ოკუპირებულ დე ფაქტო წარმონაქმნს ჰპირდებოდა რომ ბედის ანაბარა არ დატოვებდა და ვაქცინით დაეხმარებოდა. მაგრამ, გავიდა დრო და ვლადიმერ პუტინმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ თავისი ძალაუფლების განმტკიცების გარდა არავინ და არაფერი აინტერესებს. თანაც, საუბარი ხომ არ არის საჩუქარზე, საუბარია ვაქცინის შესყიდვებზე.
Deutsche Welle-ს ინფორმაციით, 2021 წლის ოქტომბრისთვის, რუსეთმა, მთელი მსოფლიოს მასშტაბით დაპირებული ვაქცინების მხოლოდ 8 პროცენტის ექსპორტირება მოახდინა. მაგალითად, შეუსრულებელი დაპირების გამო, პრობლემები შეექმნათ ლათინური ამერიკის ქვეყნებს, რომლებთანაც მოსკოვს „თბილი“ ურთიერთობა აქვთ. ეს მოხდა ბოლივიაში, არგენტინასა და ვენესუელაში. ვენესუელას სამედიცინო სექტორის წარმომადგენლებმა, მოსახლეობას, რომელიც რუსეთის დახმარებას ამაოდ ელოდა, ჩინური ვაქცინებით აცრა ურჩიეს. გვატემალას მთავრობამ, რუსეთს ბოლოსდაბოლოს ვაქცინაში გადახდილი ფულის უკან დაბრუნება მოითხოვა. რუსეთის ხელისუფლებამ „Спутник V“-ს დაახლოებით მილიარდი დოზის მიწოდებაზე, 62 ქვეყანასთან დადო კონტრაქტები. სინამდვილეში კი მხოლოდ 76 მილიონი დოზის ექსპორტირება მოხდა, რაც მთლიანი ოდენობის 8%-ს წარმოადგენს. აღმოჩნდა, რომ ყველაზე დიდი დანაკლისი ირანს შეექმნა. ამ ქვეყანამ რუსეთთან ხელშეკრულება 60 მილიონი დოზის შესყიდვაზე დადო, თუმცა მხოლოდ 1,7 მილიონი დოზა მიიღო. თურქეთში, შეკვეთილი 50 მილიონიდან მხოლოდ 400 ათასი დოზა ჩავიდა, უზბეკეთს კი 35 მილიონიდან 460 ათასი დოზა ერგო.
აუცილებელი ვაქცინის მიწოდების მსგავსი შეფერხებები თავად რუსეთის ფედერაციაშიც არის, რის გამოც ზოგან ვაქცინაციის პროცესი სრულიად შეჩერდა. თანაც გავითვალისწინოთ, „Спутник V“ ჯერ კიდევ არ არის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აღიარებული. მიზეზი-ვაქცინის მწარმოებელმა ჯანმო-ს ამ დრომდე არ მიაწოდა საჭირო დოკუმენტაცია. რუსი მედიკოსების თქმით, უნგრეთის გარდა, არც ერთ ევროპულ ქვეყანაში „Спутник V“ არ გამოიყენება და ამ ვაქცინას მხოლოდ მსოფლიოს ე. წ მესამე ქვეყნებში ცნობენ.
ასეთივე დამოკიდებულება კრემლს, მის მიერ ოკუპირებული ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის მიმართ აქვს. როგორც ირკვევა, ანექსირებული ყირიმის მორგებს ცხედრების განთავსების ადგილი აღარ აქვთ. ამის შესახებ რუსული „კომერსანტი“ ადგილობრივ ჯანდაცვის მინისტრზე დაყრდნობით იუწყება. უკვე მესამე კვირაა, ყირიმში რეკორდული ინფიცირების მაჩვენებელი ფიქსირდება, ხოლო ვაქცინაციის შესაძლებლობა მინიმუმზეა დაყვანილი.
რაც შეეხება ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთს, ეპიდსიტუაცია იქაც მძიმდება. 28 ოქტომბრის მონაცემებით, 24 საათის განმავლობაში, ინფიცირების 73 შემთხვევა გამოავლინეს, მთლიანობაში კოვიდის გავრცელების შედეგად დაღუპულია 140 ადამიანი. როგორც ირკვევა, ადგილობრივ კლინიკებს საჭირო აღჭურვილობით და მედიკამენტებით დღემდე პერმანენტულად საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეები ეხმარებიან და არა ის სახელმწიფო, რომელიც ადგილზე ეფექტურ კონტროლს ახდენს.
„Эхо Кавказа“-ს“ ინფორმაციით, „Спутник V“-ს პირველი პარტია რუსეთიდან ცხინვალში მაისში გაიგზავნა და ის 2 ათას დოზას მოიცავდა. სექტემბერში დე ფაქტო ცხინვალი რუსეთის ფედერაციის მიერ მოწოდებულ 1 ათას დოზა „Спутник V“ -ს და 1 ათას ცალ „Спутник Лайт“-ს ელოდა, ამ პარტიის მიღებას ახლაც ელიან. ოკუპირებული ცხინვალის პრესა წერს, რომ მას მომავალ კვირაში აუცილებლად მიიღებენ.
28 ოქტომბრისთვის, ოკუპირებულ აფხაზეთში ვაქცინაცია 10 138-მა ადამიანმა ჩაიტარა. პირველი პარტია რუსეთიდან აპრილის ბოლოს შევიდა, მეორემ კი იმდენად დაიგვიანა, რომ სოხუმში საკმაოდ სკანდალური განცხადებები ხმამაღლაც გააკეთეს. ჯერ კიდევ ივლისში, დე ფაქტო პარლამენტის ე.წ დეპუტატი, ჯანდაცვის და შრომის საკითხების კომიტეტის თავმჯდომარე ალხას ჯინჯოლიამ ღიად თქვა, რომ აშკარად „Спутник“-ით უზრუნველყოფაზე აფხაზეთს მოსკოვში უარი უთხრეს. „ალბათ, საჭიროა ალტერნატიული გზების ძიება. შესაძლებელია საერთაშორისო ორგანიზაციებში მიმართვაც“- თქვა მან ტრიბუნიდან. მან დე ფაქტო მთავრობას მოუწოდა, საერთაშორისო საზოგადოებას არ უსაყვედურონ, რადგან შარშან „უზარმაზარი რაოდენობის საჭირო მასალებით, აღჭურვილობით“ სწორედ მათ დაეხმარნენ რესპუბლიკას და დე ფაქტო რესპუბლიკამ ამ დახმარების წყალობით კარგა ხანს გაძლო. ამ განცხადების შემდეგ, დე ფაქტო აფხაზეთმა მეგობარი ბიზნესმენის სახსრებით, რუსეთიდან ვაქცინის კიდევ ერთი პარტია შეუკვეთა. თურმე, ღატაკ ოკუპირებულ რესპუბლიკას კრემლი არაფერს ჩუქნის-უკანასკნელი ინფორმაციით, რომელიც კრემლის მედია რესურს „სპუტნიკ აფხაზეთის“ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული, მოსკოვში აფხაზური დიასპორის ხელმძღვანელმა ბესლან აგრგბამ თანამემამულეებს 5 ათასი ახალი დოზა უყიდა. ამავე დროს, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ დე ფაქტო რესპუბლიკის მთავარი სანიტარული ექიმის ლუდმილა სკორიკის თქმით, დიდი რაოდენობით ვაქცინებისთვის საჭირო სამაცივრე აღჭურვილობა აფხაზეთში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ხაზით მოეწყო.
ის რომ კრემლს ოკუპირებული და ანექსირებული ტერიტორიებზე მოსახლეობის ჯანმრთელობა და კეთილდღეობა ნაკლებად ადარდებს და მთავარ აქცენტს ისევ სამხედრო კომპონენტზე აკეთებს, ცოტა ხნის წინ კიდევ ერთხელ გამოჩნდა. სწორედ ამაში ყრის კრემლი მილიონებს და არა თუნდაც მსოფლიოს მიერ არაღიარებული ვაქცინის მიწოდებასა და კლინიკების გამართულად ამუშავებაში. სულ რამდენიმე დღის წინ, ოკუპირებულ აფხაზეთში რუსულ-აფხაზურ-ოსური ერთობლივი სამხედრო წვრთნები დასრულდა. ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე ეს სამხედრო სწავლებები სამხედრო თანამშრომლობის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში განხორციელდა. სოხუმში ახლახან მყოფმა ანატოლი ბიბილოვმა კი სანუკვარი ოცნებაც აისრულა- მაღლა ცაში პარაპლანით იფრინა და ვიდეო გადაიღო, რომელიც შემდეგ „ინსტაგრამზე“ ამაყად გამოაქვეყნა და აფხაზ ძმებს მიუძღვნა.
ლევან შონია