იაპონიის ახლადარჩეული პრემიერ-მინისტრის, ფუმიო კიშიდას თქმით, კურილის კუნძულებზე იაპონიას აქვს სუვერენიტეტი. ამის შესახებ კიშიდან პარლამენტის ქვედა პალატაში დებატებისას განაცხადა.
კურილის კუნძულების სამხრეთ ნაწილზე, რომელსაც იაპონია თავისად მიიჩნევს, რუსეთს აქვს დე ფაქტო სუვერენიტეტი.
"ჩრდილოეთ ტერიტორიებზე (კურილის სამხრეთ ნაწილი) ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი ვრცელდება. ეს საკითხი ჩვენ უნდა გადავჭრათ და მომავალ თაობებს არ დავუტოვოთ. მთავრობას გადაწყვეტილი აქვს დადოს რუსეთთან სამშვიდობო ხელშეკრულება, რომელიც გადაჭრის ამ კუნძულების საკუთრების პრობლემას", - თქვა კიშიდამ.
8 ოქტომბერს კიშიდამ თქვა, რომ სამშვიდობო ხელშეკრულება რუსეთთან არ დაიდება, ტერიტორიული დავის გადაწყვეტის გარეშე. პრემიერმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ იგი მხარს უჭერს სამხრეთ კურილების საკუთრების საკითხის გადაწყვეტას.
რუსეთსა და იაპონიას, მეორე მსოფლიო ომის შემდგომ, კურილის სამხრეთ ნაწილთან დაკავშირებული გაჭიანურებული დავის გამო, სამშვიდობო შეთანხმება არ გაუფორმებიათ.
ორ ქვეყანას შორის საომარი მდგომარეობა ოფიციალურად 1956 წელს დასრულდა, რის შემდეგაც სსრკ-მ და იაპონიამ განაახლეს დიპლომატიური ურთიერთობა მოსკოვის დეკლარაციის შესაბამისად.
იაპონიის პოზიციის თანახმად, რუსეთმა კურილის ოთხი კუნძული - ეტოროფუ, კუნაშირი, შიკოტანი და ხაბომაი - იაპონიას უნდა გადასცეს. თავის მხრივ, მოსკოვი 4-დან 2 კუნძულის - შიკატანოსა და ხაბომაის გადაცემის შესაძლებლობას განიხილავს, მხოლოდ სამშვიდობო შეთანხმების გაფორმების შემდეგ.