"ეროვნულ საბჭოში" შემავალი პარტიები ორგანიზაციულადაც გაერთიანდნენ. "საქართველოს კოსნერვატიულმა პარტიამ" და "ხალხის პარტიამ" გააერთიანეს ფინანსური, პოლიტიკური, ორგანიზიაციული რესურსები და ამ პირობებში, ერთიანი მმართველობით გააგრძელებენ პოლიტიკურ საქმიანობას, "ეროვნული საბჭოს" ეგიდით. გაერთიანების ეგიდითვე, შეიქმნა ორგანიზაცია "თავისუფალი საქართველო", რომელსაც კახა კუკავა უხელმძღვანელებს და რომლის ამოცანაც საქართველოს მთელს ტერიტორიაზე მოხალისეების მოზიდვა იქნება. ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე, "ეროვნული საბჭოს" ლიდერებმა ზვიად ძიძიგურმა, კობა დავითაშვილმა და კახა კუკვამ ისაუბრეს.
მათი თქმით, ამიერიდან "ერვნულ საბჭოს" საერთო ოფისი, (ყველა რეგიონში) ლოგო და დროშა ექნება.
"ჩვენი პარტიები ჯერ კიდევ "ერვნული საბჭოს" დაფუძნებიდან თანამშრომლობენ, ერთიან ბლოკშიც ვიყავით გაერთიანებულები, ახლა დადგა ორგანიზაციული რესურსების გავაერთიანების დროც, რაც ჩვენი აზრით, "ეროვნული საბჭოს" ეფექტურობას მნიშვნელოვნად გაზრდის", - განაცხადა "ერვნული საბჭოს ერთ-ერთმა ლიდერმა კობა დავითაშვილმა.
ზვიად ძიძიგურის თქმით, "ეროვნული საბჭოს" პრიორიტეტი იქნება ერთიან ოპოზიციურ პროექტებში მონაწილეობა და ოპოზიციური სპექტრის საქმიანობის კორდინაციისათვის ხელშეწყობა.
"მიგვაჩნია, რომ როგორც საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისათვის ბრძოლა, ასევე სხვადასხვა პოლიტიკური აქციების მოწყობა, ერთმანეთს ხელს არ უშლის, პირიქით კორდინაციის შემთხვევაში მოგვცემს შესაძლებლობას, არსებული რეჟიმის ნაცვლად საქართველოში დამყარდეს დემოკრატიული მართველობა", - განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.
"ეროვნული საბჭო" მოუწოდებს ყველა ოპოზიციურ პარტიას თავი შეიკავონ ურთიერთკონფრონტაციისაგან და თანამშრომლობის რეჟიმში წარმართონ თავიანთი საქმიანობა.