საქართველო-იაპონიას შორის რიგით მესამე პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" საგარეო უწყებიდან აცნობეს, კონსულტაციებზე ქართულ მხარეს საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაცია წარმოადგენდა, რომელსაც მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ნალბანდოვი ხელმძღვანელობდა.
"პოლიტიკური კონსულტაციები მოიცავდა ორმხრივ და მრავალმხრივ ურთიერთობათა ფართო სპექტრს. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა იაპონიის საგარეო საქმეთა საპარლამენტო ვიცე-მინისტრ იკუო იამაჰანასთან და სამინისტროს ევროპულ საქმეთა ბიუროს გენერალური დირექტორის მოადგილე მასარუ ვატანაბესთან. შეხვედრებზე გამართული საუბრის დროს განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა იაპონიასა და საქართველოს შორის არსებულ ურთიერთობათა გააქტიურების აუცილებლობაზე, როგორც პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ და განათლების სფეროებში", - ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესრელიზში.
მასში ასევე აღნიშნულია, რომ განხილულ იქნა აღმასრულებელი ხელისუფლების დონეზე ურთიერთობათა გააქტიურების შესაძლებლობები, ორ ქვეყანას შორის არსებული ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებისა და გაღრმავების პერსპექტივები, სუამ-იაპონიის თანამშრომლობის ფარგლებში ტურიზმისა და განათლების სფეროებში გაცვლითი ღონისძიებების მოწყობასთან დაკავშირებული საკითხებიც.