სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრ ლადო ვარძელაშვილის განცხადებით, 9 თებერვალს თბილისში არგენტინის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ჩამოყვანის იდეა ბიზნესმენ ნიკო პატარქალიშვილს ეკუთვნის, რომელიც, ვარძელაშვილის შეფასებით, "ტიპური აფერისტია". ამის შესახებ მინისტრმა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში განაცხადა.
"ამ საკითხთან დაკავშირებით არც ერთ მხარესთან მოლაპარაკებებს არ ვაწარმოებთ, ეს არის პატარქალიშვილის იდეა, რომელიც ამაში სახელმწიფოსგან ფულს ითხოვს. პატარქალიშვილი კი არის ტიპური აფერისტი, რომელმაც ადრე თბილისში დიეგო მარადონა ჩამოიყვანა, ხოლო შემდეგ მისთვის გადასახდელი დარჩენილი ფულის გასტუმრება სახელმწიფოს მოსთხოვა", - "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში განაცხადა ვარძელაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, შესაძლოა, 9 თებერვალს თბილისში საქართველოს ნაკრებთან ამხანაგურად სათამაშოდ, არგენტინის ნაკრები ჩამოვიდეს. ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა, თემურ ქეცბაიამაც ისაუბრა. მისი თქმით, არგენტინის ნაკრები თბილისში, სავარაუდოდ, არ ჩამოვა, რადგან ისინი სანაცვლოდ ძალიან დიდ თანხას ითხოვენ. არსებული ინფორმაციით, საუბარია 1 მილიონ ევროზე მეტზე.