პორტუგალიაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი პორტუგალიის ეროვნული ავიაგადამზიდავის TAP Air Portugal-ის პრეზიდენტს მანუელ ბეჟას შეხვდა. შეხვედრას ასევე დაესწრო საქართველოს ელჩი პორტუგალიაში გიორგი მირცხულავა.
შეხვედრაზე საუბარი წარიმართა საქართველოსა და პორტუგალიას შორის სამოქალაქო ავიაციის სექტორში ურთიერთობის შესახებ. აღინიშნა, რომ ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებისთვის, განსაკუთრებით, ტურიზმის სფეროში, უაღრესად მნიშვნელოვანია ქვეყნებს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყება. მარიამ ქვრივიშვილმა გამოთქვა ინიციატივა თბილისსა და ლისაბონს შორის პირდაპირი რეისის დანიშვნის შესახებ, რომელიც პორტუგალიის ავიაკომპანიის ხელმძღვანელმა დიდი ინტერესით მოისმინა.
მინისტრის მოადგილემ პორტუგალიის ავიაკომპანიის ხელმძღვანელს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია საქართველოს ეკონომიკის აღდგენის ტემპების შესახებ, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სამოქალაქო ავიაციისა და ტურიზმის სექტორში არსებულ ვითარებასა და იმ პოზიტიურ ტენდენციებზე, რომლებიც სახეზეა აღნიშნულ დარგებში პანდემიის შედეგად დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის შემდეგ.
მხარეებმა ისაუბრეს იმ პოზიტიურ შესაძლებლობებზე, რომლებიც შეიძლება პირდაპირმა ავიამიმოსვლამ ორივე მხარეს მოუტანოს. ამავე დროს, ხაზი გაესვა იმ გარემოებას, რომ მნიშვნელოვანია გაიზარდოს საქართველოს ცნობადობა პორტუგალიაში, რაც პოზიტიურად აისახება ორი ქვეყნის თანამშრომლობაზე სხვადასხვა სფეროებში.
შეხვედრის დასასრულს, აღინიშნა, რომ გაგრძელდება მუშაობა საქართველოსა და პორტუგალიას შორის საჰაერო მიმოსვლის დაწყების საკითხზე.
„ეს იყო პირველი მაღალი რანგის შეხვედრა პორტუგალიის ეროვნული ავიაგადამზიდავის ტოპ-მენეჯმენტთან. შეხვედრამ ჩაიარა საკმაოდ ნაყოფიერად. საქართველოს ავიასექტორის აღდგენის დინამიკა მათთვისაც ცნობილია, რაც პოზიტიურ მოლოდინებს ქმნის სამომავლოდ პირდაპირი რეისების დაწყების მხრივ. ჩვენი ქვეყნის სტრატეგია ავიაციისა და ტურიზმის სექტორებში კვლავაც რჩება მეტი პირდაპირი რეისი ევროპის მიმართულებით, რაც გააძლიერებს აღნიშნულ მიმართულებებს ჩვენს ქვეყანაში,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.