"თალიბანის" ერთ-ერთი დამფუძნებელი და უზენაესი ლიდერი ჰიბათულა ახუნძადა აცხადებს, რომ ავღანეთში შარიათის კანონი იმოქმედებს.
"მომავალში, ავღანეთში ცხოვრების წესის მმართველობის ყველა საკითხი წმინდა შარიათის კანონებით დარეგულირდება", - ნათქვამია ახუნძადას განცხადებაში, რომელიც პირველად გავრცელდა ქაბულის ხელში ჩაგდების შემდგომ.
"ჩვენ გვსურს ძლიერი და ჯანსაღი ურთიერთობები მეზობლებთან და სხვა ქვეყნებთან, რომელიც დაფუძნებული იქნება პატივისცემასა და ურთიერთთანამშრომლობაზე. ამ ქვეყნებთან ჩვენი ურთიერთობები დაფუძნებული იქნება ავღანეთის ინტერსებსა და სარგებელზე. ჩვენ ერთგულნი ვართ ყველა საერთაშორისო კანონებისა და შეთანხმებების, რეზოლუციებისა და ვალდებულებების, რომლებიც არ ეწინააღმდეგება ისლამის კანონებსა და ეროვნულ ღირებულებებს", - ნათქვამია ახუნძადას განცხადებაში.
"ისლამური საამირო" გადადგამს სერიოზულ და ეფექტიან ნაბიჯებს ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, დავიცავთ უმცირესობებისა და ღარიბი მოსახლეობის უფლებებს ისლამის წმინდა რელიგიიის მოთხოვნების ფარგლებში", - დასძენს ახუნძადა.
შეგახსენებთ, დღეს, "თალიბანმა", ახალი, დროებითი მთავრობის შემადგენლობა დაასახელა.
ავღანეთის ახალ მთავრობას, დროებითი პრემიერ-მინისტრის რანგში, უხელმძღვანელებს "თალიბანის" ერთ-ერთი დამფუძნებელი და გაეროს სანქცირებულთა სიაში მყოფი მულა მოჰამედ ჰასან ახუნდი.
პრემიერ-მინისტრის მოადგილე იქნება "თალიბანის" ერთ-ერთი დამფუძნებელი და მოძრაობის პოლიტიკური ფრთის ლიდერი მოლა აბდულ ღანი ბარადარი.
შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტს შეერთებული შტატების გამოძიების ფედერალური ბიუროს მიერ ძებნილი სირაჯუდინ ჰაყანი ჩაიბარებს.
თავდაცვის მინისტრი იქნება მოჰამედ იაყუბი, თალიბანის დამფუძნებლის, მოლა მუჰამედ ომარის ვაჟი. ხოლო საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობას ამირ ხან მუთაქი შეასრულებს.
ამავე თემაზე:
მოჰამედ ჰასან ახუნდი - ვინ არის ავღანეთის ახალი მთავრობის მეთაური
რა არის შარიათის კანონი და როგორ იყენებენ მას მუსლიმანურ სამყაროში
ვინ ვინ არის "თალიბანის" ხელმძღვანელობაში