ავღანეთის დაპყრობიდან თითქმის სამი კვირის შემდეგ, "თალიბანმა" ქვეყნის ახალი, დროებითი მთავრობის მეთაურად მოლა მოჰამედ ჰასან ახუნდი დაასახელა.
მოჰამედ ჰასან ახუნდი "თალიბანის" გავლენიან გადაწყვეტილებისმიმღებ ორგანოს, მმართველ საბჭოს (რეჰბარი შურა) ხელმძღვანელობდა. ავღანეთში "თალიბანის" პირველი რეჟიმის დროს, 1996-2001 წლებში, სხვადასხვა დროს, ის იყო ყანდაარის პროვინციის გუბერნატორი, ვიცე-პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი.
დასავლური მედიის ინფორმაციით, ჰასან ახუნდის მიმართ თალიბების პატივისცემა და მოწიწება, გარკვეულწილად "თალიბანის" დამფუძნებლისა და პირველი ლიდერის, მოლა მუჰამედ ომართან სიახლოვით არის განპირობებული.
ჰასან ახუნდი, რომელიც გაეროს სანქცირებულთა სიაში იმყოფება, წარმოშობით ყანდაარიდან არის, ადგილიდან, სადაც "თალიბანი" დაფუძნდა.
სავარაუდოდ, ის 60 წლის უნდა იყოს. სააგენტო Reuters-ი "თალიბანის" წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ჰასან ახუნდს თალიბები დიდ პატივის სცემენ.
ექსტრემისტულმა დაჯგუფებამ "თალიბანმა", რომელმაც 15 აგვისტოს აიღო ავღანეთი, ქვეყნის ახალი დროებით მთავრობის შემადგენლობა დაასახელა.
პრემიერ-მინისტრის მოადგილე იქნება "თალიბანის" ერთ-ერთი დამფუძნებელი და მოძრაობის პოლიტიკური ფრთის ლიდერი მოლა აბდულ ღანი ბარადარი.
შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტს შეერთებული შტატების გამოძიების ფედერალური ბიუროს მიერ ძებნილი სირაჯუდინ ჰაყანი ჩაიბარებს. ჰაყანი "თალიბანის" ერთ-ერთი ლიდერი და უზენაესი მეთაურის, ჰიბატულა ახუნძადას მოადგილეა.
სირაჯუდინ ჰაყანი არის "თალიბანის" ერთ-ერთი განშტოების "ჰაყანის ქსელის" ლიდერი. სწორედ ამ ქსელს უკავშირდება ავღანეთში სამთავრობო ძალებისა და მათი დასავლელი მოკავშირეების წინააღმდეგ განხორციელებული ყველაზე ძალადობრივი თავდასხმები. "ჰაყანის ქსელი" აშშ-ის მიერ გამოცხადებულია, როგორც ტერორისტული ორგანიზაცია.
თავდაცვის მინისტრი იქნება მოჰამედ იაყუბი, თალიბანის დამფუძნებლის, მოლა მუჰამედ ომარის ვაჟი. ხოლო საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობას ამირ ხან მუთაქი შეასრულებს.
BBC-ის ინფორმაციით, ჯერ კიდევ უცნობია, თუ რა როლს იკისრებს ავღანეთის მმართველობაში "თალიბანის" ერთ-ერთი დამფუძნებელი და უზენაესი ლიდერი მოლა ჰიბატულა ახუნძადა.