ექსტრემისტულმა დაჯგუფებამ "თალიბანმა", რომელმაც 15 აგვისტოს ხელთ იგდო ავღანეთი, ქვეყნის ახალი დროებით მთავრობის შემადგენლობა დაასახელა.
მთავრობის წევრთა ვინაობა "თალიბანის" სპიკერმა ზაბიულა მუჯაჰიდმა გაასაჯაროვა.
ავღანეთის ახალ მთავრობას, დროებითი პრემიერ-მინისტრის რანგში, უხელმძღვანელებს "თალიბანის" ერთ-ერთი დამფუძნებელი და გაეროს შავ სიაში მყოფი მულა მოჰამედ ჰასან ახუნდი.
ჰასან ახუნდის შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი. 1990-იან წლებში "თალიბანის" წინა რეჟიმის დროს, იგი ყანდაარის პროვინციის გუბერნატორი იყო. სავარაუდოდ, ის 60 წლის უნდა იყოს. "თალიბანის" წყაროზე დაყრდნობით, სააგენტო Reuters- წერს, რომ ჰასან ახუნდი თალიბებს შორის უდიდესი პატივისცემით სარგებლობს.
ზაბიულა მუჯაჰიდის განცხადებით, პრემიერ-მინისტრის მოადგილე იქნება "თალიბანის" ერთ-ერთი დამფუძნებელი და მოძრაობის პოლიტიკური ფრთის ლიდერი მოლა აბდულ ღანი ბარადარი.
შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტს შეერთებული შტატების გამოძიების ფედერალური ბიუროს მიერ ძებნილი სირაჯუდინ ჰაყანი ჩაიბარებს. ჰაყანი "თალიბანის" ერთ-ერთი ლიდერი და უზენაესი მეთაურის, ჰიბატულა ახუნძადას მოადგილეა.
სირაჯუდინ ჰაყანი არის "თალიბანის" ერთ-ერთი განშტოების "ჰაყანის ქსელის" ლიდერი. სწორედ ამ ქსელს უკავშირდება ავღანეთში სამთავრობო ძალებისა და მათი დასავლელი მოკავშირეების წინააღმდეგ განხორციელებული ყველაზე ძალადობრივი თავდასხმები. "ჰაყანის ქსელი" აშშ-ის მიერ გამოცხადებულია, როგორც ტერორისტული ორგანიზაცია.
თავდაცვის მინისტრი იქნება მოჰამედ იაყუბი, თალიბანის დამფუძნებლის, მოლა მუჰამედ ომარის ვაჟი. ხოლო საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობას ამირ ხან მუთაქი შეასრულებს.
BBC-ის ინფორმაციით, ჯერ კიდევ უცნობია, თუ რა როლს იკისრებს ავღანეთის მმართველობაში "თალიბანის" ერთ-ერთი დამფუძნებელი და უზენაესი ლიდერი მოლა ჰიბატულა ახუნძადა.