15 აგვისტოს ექსტრემისტულმა დაჯგუფებამ "თალიბანმა" ქაბულის დაპყრობით კონტროლი აიღო მთელ ავღანეთზე.
დღეს, 19 აგვისტოს, ავღანეთის ბრიტანეთისგან დამოუკიდებლოს 102-ე წლისთავზე, "თალიბანმა" ავღანეთის ისლამური საამიროს შექმნა გამოაცხადა.
ჯერჯერობით უცნობით, ვინ ჩაუდგება ავღანეთს სათავეში. მანამდე, ვნახოთ ვინ ვინ არის "თალიბანის" ხელმძღვანელობაში.
ჰიბატულა ახუნძადა
ჰიბატულა ახუნძადა თალიბანის უზენაესი ლიდერია. ამ წოდებას ის 2016 წლის მაისში დაეუფლა.
მიუხედავად იმისა, რომ ჰიბატულა ახუნძადა 1980-იან წლებში საბჭოთა კავშირის ავღანეთში სამხედრო ყოფნისას, ისლამისტურ წინააღმდეგობრივ მოძრაობაში მონაწილეობდა, მას უფრო რელიგიური ლიდერის რეპუტაცია აქვს, ვიდრე სამხედრო მეთაურისა.
1990-იან წლებში ჰიბატულა ახუნძადა შარიათის სასამართლოს მეთაურობდა.
1996 წლის დასაწყისიდან ვიდრე 2001 წლამდე, ავღანეთში თალიბანის რეჟიმის არსებობამდე, ქვეყანა ისლამური კანონის უმკაცრესი ინტერპრეტაციებით იმართებოდა - დამნაშავეთა საჯაროდ სიკვდილით დასჯა, მრუშობისთვის ჩაქოლვა და ქურდობისთვის ხელის მოკვეთა.
იმ დროისთვის, თალიბანს განაგებდა მოძრაობის დამფუძნებელი, მოლა მოჰამედ ომარი (2013 წელს გარდაიცვალა). თალიბანის რეჟიმის დროს ავღანეთში აიკრძალა ტელევიზია, მუსიკა, კინო, მაკიაჟი, გოგონების სკოლაში სწავლა და ქალების მუშაობა.
საჯაროდ ხელმისაწვდომი ინფორმაციის თანახმად, ჰიბატულა ახუნძადა 60 წლისაა და თავისი ცხოვრების უმეტესი ნაწილი ავღანეთში გაატარა.
როგორც თალიბანის უზენაესი ლიდერი, ახუნძადა ხელმძღვანელობს პოლიტიკურ, სამხედრო და რელიგიურ საკითხებს.
აბდულ ღანი ბარადარი
მოლა აბდულ ღანი ბარადარი ერთ-ერთი იმ ოთხიდან, ვინც 1994 წელს ავღანეთში თალიბანი დააფუძნა.
1968 წელს პროვინცია ურუზგანში დაბადებული ბარადარი პუშტუნი ტომების გაერთიანება დურანის წარმომადგენელი, პოპალზაის ტომიდანაა.
შეერთებული შტატებისა და კოალიციური ჯარების ავღანეთში შესვლისა და თალიბანის რეჟიმის დამხობის შემდეგ, მოლა ბარადარი პაკისტანში გაიქცა. გავრცელებული ინფორმაციით, ბარადარი 2010 წლის თებერვალში აშშ-პაკისტანის ერთობლივი ოპერაციის შედეგად, პაკისტანის ქალაქ კარაჩიში დააკავეს.
ბარადარმა 8 წელი დაჰყო პაკისტანის ციხეში. იგი შეერთებული შტატების ავღანეთში საგანგებო წარმომადგენლის, ზალმაი ხალილზადის თხოვნით გაათავისუფლეს, როგორც სამშვიდობო პროცესის ხელშეწყობის გეგმის ნაწილი.
2019 წლიდან აბდულ ღანი ბარადარი მეთაურობს თალიბანის პოლიტიკურ ოფისს დოჰაში და აშშ-სთან სამშვიდობო მოლაპარაკების დელეგაციას უდგას სათავეში.
2020 წელს ბარადარი გახდა თალიბანის პირველი ლიდერი, რომელიც უშუალოდ დაუკავშირდა აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს. მათ ტელეფონით ისაუბრეს. მანამდე ბარადარმა თალიბანის სახელით, ხელი მოაწერა დოჰას შეთანხმებას ამერიკული ჯარების გაყვანის შესახებ.
2020 წლის ნოემბერში ღანი ბარადარი შეხვდა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს.
Met with both Taliban and Islamic Republic of Afghanistan’s negotiating teams in Doha. I commend both sides for continuing to negotiate and for the progress they have made. I encourage expedited discussions on a political roadmap and a permanent and comprehensive ceasefire. pic.twitter.com/3UhZoGFZoX
— Secretary Pompeo (@SecPompeo) November 21, 2020
დღეს ბარადარი არის დაჯგუფების მთავარი პოლიტიკური ლიდერი და იგი რამდენიმე დღის წინ დაბრუნდა ავღანეთში.
15 აგვისტოს გაკეთებულ ვიდეომიმართვაში, ბარადარმა განაცხადა, რომ "ჩვენ მივაღწიეთ გამარჯვებას, რომელიც არ იყო მოსალოდნელი. ახლა მთავარია ის, თუ როგორ ვემსახურებით და დავიცავთ ჩვენს ხალხს".
Mullah Baradar to Taliban: “we have reached a victory that wasn’t expected…we should show humility in front of Allah…now it’s time of test — now it’s about how we serve and secure our people, and ensure their future/good life to best of ability”
— Mujib Mashal (@MujMash) August 15, 2021
pic.twitter.com/EP6R8B5dot
მოჰამად იაყუბი
მოჰამედ იაყუბი თალიბანის დამფუძნებლის, მოლა მუჰამედ ომარის ვაჟია. სავარაუდოდ, ის 30 წელზე ნაკლების უნდა იყოს და ამჟამად, თალიბანის სამხედრო ოპერაციების ლიდერია.
2016 წელს თალიბანის ლიდერის ახტარ მანსურის გარდაცვალების შემდეგ, თალიბანის ნაწილს იაყუბი სურდა მოძრაობის ახალ ლიდერად, მაგრამ უმრავლესობა თვლიდა, რომ ზედმეტად ახალგაზრდა იყო და საკმარისი გამოცდილება არ ჰქონდა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, იაყუბი ავღანეთში ცხოვრობს.
სააგენტო Associated Press-ის ცნობით, თალინაბის მიერ ავღანეთის დაპყრობის ფონზე, მოჰამად იაყუბი მებრძოლებს მოუწოდებდა, რომ ზიანი არ მიეყენებინათ ავღანეთის სამხედროებისა და მთავრობის წევრებისთვის, ასევე თავი შეეკავებინათ სამხედრო და პოლიტიკური ლიდერების მიტოვებული სახლების დაპატრონებისგან.
სირაჯუდინ ჰაყანი
სირაჯუდინ ჰაყანი თალიბანის ერთ-ერთი ლიდერი და უზენაესი მეთაურის, ჰიბატულა ახუნძადას მოადგილეა.
მამის, ჯალალედინ ჰაყანის გარდაცვალების შემდეგ, ის გახდა "ჰაყანის ქსელის" ლიდერი. სწორედ ამ ქსელს უკავშირდება ავღანეთში სამთავრობო ძალებისა და მათი დასავლელი მოკავშირეების წინააღმდეგ განხორციელებული ყველაზე ძალადობრივი თავდასხმები.
"ჰაყანის ქსელი" ამჟამად რეგიონის ერთ -ერთი ყველაზე მძლავრი და შიშისმომგვრელი დაჯგუფებაა. ქსელი აკონტროლებს თალიბანის ფინანსურ და სამხედრო აქტივებს პაკისტან-ავღანეთის საზღვართან.
სირაჯუდინ ჰაყანი დაახლოებით 45 წლისაა და მისი ადგილსამყოფელი უცნობია.
აბდულ ჰაკიმი
2020 წლის სექტემბერში თალიბანმა აბდულ ჰაკიმი დანიშნა დოჰაში თალიბანის მომლაპარაკებელთა ჯგუფის ახალ ხელმძღვანელად.
ჰაკიმი დაახლოებით 60 წლისაა. გავრცელებული ინფორმაციით, ის მართავდა მედრესეს - ისლამურ რელიგიურ სკოლას - პაკისტანის ქალაქ კვეტაში, საიდანაც ხელმძღვანელობდა თალიბანის სასამართლო სისტემას.
სხვადასხვა ცნობით, ქალაქ კვეტას თალიბანის ბევრი წარმომადგენელი აფარებდა თავს, საიდანაც ისინი განაგებდნენ ექსტრემისტულ დაჯგუფებას. პაკისტანი ყოველთვის უარყოფდა ამ ინფორმაციას.
ჰაკიმი ასევე ხელმძღვანელობს თალიბანის რელიგიურ სწავლულთა გავლენიან საბჭოს და ითვლება, რომ ის უზენაეს ლიდერ ახუნძდასთან უაღრესად დაახლოებული პირია.