ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ამერიკის მოქალაქე, ჩრდილოეთ კაროლინის შტატის მკვიდრი, ჯექსონ პოლ კრამერი დააკავეს.
ოსური მედიის ინფორმაციით, კრამერი ე.წ. მესაზღვრეებმა ჯავის რაიონის სოფელ ერმანთან ახლოს დააკავეს. იუწყებიან, რომ კრამერი ე.წ. საზღვრის დარღვევის ბრალდებით დააკავეს.
ჯექსონ პოლ კრამერი ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში საქართველოს კონტროლს დაქვემდებარებული ტერიტორიიდან გადავიდა. მას სამხრეთ კავკასიის მთავარი ქედის გასწვრივ მოგზაურობა სურდა.
ადგილობრივი მედის ცნობით, კრამერმა არ იცოდა "სამხრეთ ოსეთის სახელმწიფოს არსებობის შესახებ და არაფერი გაეგო ქართულ-ოსური კონფლიქტის შესახებ".
"მინდოდა საქართველოდან შავ ზღვაზე წასვლა, მაგრამ რადგან არ ვიცოდი თქვენი ქვეყნის არსებობის შესახებ, რისთვისაც ბოდიშს ვიხდი, აღმოვჩნდი ასეთ სიტუაციაში. მე მესაზღვრეებმა დამაპატიმრეს და აქ მომიყვანეს", - თქვა კრამერმა.
დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის განცხადებით, კრამერს დაეკისრა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა, ის გააძევეს რესპუბლიკიდან და გადაეცემა ქართულ მხარეს.