„კოვიდ-პანდემიიდან გამომდინარე ჩვენ გვიწევს განსხვავებული ფორმატში მუშაობა. პანდემიამ და მასთან დაკავშირებულმა რეგულაციებმა შეცვალა საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორთა ჩამოსვლის სტრუქტურა. კერძოდ, თუკი 2019 წლის იანვარი - აგვისტოს პერიოდში მათი დიდი ნაწილი (73.7 პროცენტი) საქართველოში სახმელეთო გზით შემოდიოდა, 24,7 პროცენტი კი საჰაერო გზით, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდში ეს თანაფარდობა შეიცვალა და თითქმის თანაბარია. 2021 წლის 8 თვეში საერთაშორისო ვიზიტორების 50 პროცენტი საჰაერო გზით შემოვიდა," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა.
ტურიზმისა და ავიაციის სექტორებში მომუშავე ასოციაციების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრაზე მინისტრის მოადგილემ მათ საქართველოში ტურიზმისა და სამოქალაქო ავიაციის აღდგენის დინამიკის ტენდენციები გააცნო. მისი თქმით, 2021 წლის 8 თვის განმავლობაში, კოვიდ-პანდემიისა და მასთან დაკავშირებული გამოწვევების მიუხედავად, საქართველომ მილიონ საერთაშორისო მოგზაურზე მეტს უმასპინძლა.
მინისტრის მოადგილის თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს ორი მეზობელი ქვეყნის - რუსეთისა და აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვრები დახურულია, ვერ ხდება ტურისტების იმ დინამიკით შემოსვლა, რისი მოლოდინიც შეიძლებოდა, გვქონოდა გახსნილი სახმელეთო საზღვრების შემთხვევაში, რასაც 2019 წელს ჰქონდა ადგილი.
ტურიზმის ოფიციალური სტატისტიკით, 2021 წლის 8 თვის მონაცემებით, ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 2019 წლის ანალოგიური მაჩვენებლის 50 პროცენტზე მეტი შეადგინა და 500 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. რაც შეეხება ტურისტულ ვიზიტებს, ამ მაჩვენებელმა, 2019 და 2020 წლების ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, შესაბამისად, 26 პროცენტი და 96 პროცენტი შეადგინა.
სამუშაო შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მ.შ. მედეა ჯანიაშვილი, სამოქალაქო ავიაციიის სააგენტოს დირექტორი ლევან კარანაძე და საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი თამარ არჩუაძე.