ნატოს საერთაშორისო სამდივნო საქართველოს შესახებ დღეს დამოუკიდებელ დასკვნას გამოაქვეყნებს.
ევროინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის გიორგი ბარამიძის განცხადებით, რომელიც ბრიუსელში იმყოფება, დასკვნის შინაარსი უკვე ცნობილია და ის დადებითი ხასიათისაა.
"ეს არის დადებითი დასკვნა და მიუხედავად ყველა ცუდი მოლოდინისა, რაც ომით, ეკონომიკური კრიზისითა და შიდა დაძაბულობით იყო შექმნილი, საქართველომ მოახერხა დასახული ამოცანის შესრულება და მივიღეთ კარგი შეფასება, რაც ჩვენი დიდი გამარჯვებაა", - განაცხადა ბარამიძემ.
მისივე შეფასებით, ნატო დარწმუნდა, რომ რაც არ უნდა დიდი პრობლემის წინაშე იდგეს საქართველო, სახელმწიფოს აქვს უნარი შეუქცევადად წარმართოს ის რეფორმები, რაც ქვეყანას ნატოს სტანდარტებთან აახლოებს.
დღესვე, ბრიუსელში საქართველოს წლიური სამოქმედო გეგმის შესრულებაზეც იმსჯელებენ. საკითხს ნატო-საქართველოს კომისიის ფარგლებში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომაზე განიხილავენ.
გარდა ამისა, დღესვე გიორგი ბარამიძეს ნატოს გენერალურ მდივანთან შეხვედრა აქვს დაგეგმილი.