ბოგდან ხმელნიცკის ქუჩაზე "შევარდენის" რაგბის აკადემია გაიხსნა. სპორტული კომპლექსი პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გახსნა.
კომპლექსში ტრიბუნა 1700-მდე ადამიანზეა გათვლილი. აკადემიაში მოწყობილია სატრენაჟორო დარბაზები და სამსაჯო ოთახები. ახლად გახსნილი შენობა სრულად შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს. მოწყობილია ხელოვნურ და ბუნებრივსაფარიანი მოედნები.
სპორტული კომპლექსი რაგბის სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოეწყო. რაგბის ფედერაციას მიწა კომპლექსის ასაშენებლად უსასყიდლოდ გადაეცა.
ამავე პროგრამით, დაგეგმილია თბილისის მასშტაბით თორმეტი სტანდარტული სათამაშო-სავარჯიშო სარაგბო ბაზის მოწყობა. ასევე სარაგბო მოედნების მშენებლობა ფოთში, რუსთავში, გორში, თელავში, სენაკში, ქუთაისში, ბათუმსა და მარტყოფში. სარაგბო ინფრასტრუქტურის პროექტი საქართველოს მასშტაბით 2012 წლისთვის მთლიანად უნდა დასრულდეს.