მართლმადიდებელი სამყარო 28 აგვისტოს ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა შესრულდება.
მარიამობის დღესასწაულს წინ ორკვირიანი მარხვა უძღოდა, რომელიც 14 აგვისტოს დაიწყო და დღეს დასრულა. ეკლესიის ისტორიაში ამ მარხვის დაწყების ზუსტი თარიღი უცნობია. უცნობია, ასევე, როდის დაწესდა ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაული.
საეკლესიო სწავლებით, ღვთისმშობელს მისი მიძინების დღე უფალმა მთავარანგელოზ გაბრიელის მიერ ახარა, რომელიც მას ზეთისხილის მთაზე ლოცვისას გამოეცხადა. მთავარანგელოზმა მარიამ ღვთისმშობელს ამცნო, რომ სამი დღის შემდეგ მიიძინებდა. ამის დასამოწმებლად კი სამოთხეში დარგული ფინიკის ხის ტოტი გადასცა, რომელიც ღვთაებრივი მადლით ბრწყინავდა. იგი მის საფლავთან უნდა მიეტანათ.
ღვთისმშობლის სურვილისამებრ, უფალმა საქადაგებლად წასული წმინდა მოციქულები მიძინების დღეს ღვთისმშობელთან გამოსამშვიდობებლად შეკრიბა.
საეკლესიო სწავლების თანახმად, იესო ქრისტემ თავისი დედის წმინდა და უბიწო სული ზეცად აამაღლა. რადგან ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა სიცოცხლის ბოლო წლები სიონის მთაზე გაატარა, ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრებს სიონს უწოდებენ.
28 აგვისტო უქმე დღეა.