ძალიან მაინტერესებს, რა უნდა ამ ადამიანს [გიგი უგულავა] ფოთში, რატომ მოდის ფოთში კაცი, რომელიც ცნობილია ძარცვით და თანამედროვე ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი, თვალსაჩინო კორუფციონერია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ფოთში "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატის, ბექა ვაჭარაძის წარდგენისას განაცხადა.
ღარიბაშვილის განცხადებით, ფოთი ირჩევს ახალგაზრდა, წესიერ, ადამიანს, რომელიც მოემსახურება თავის ფოთს და მეორეს მხრივ არის კორუმპირებული, დეგრადირებული პოლიტიკოსი, მარგინალიზებული გიგი უგულავა.
"ძალიან მაინტერესებს, რა უნდა ამ ადამიანს ფოთში, რატომ მოდის ფოთში კაცი, რომელიც ცნობილია ძარცვით და თანამედროვე ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი, თვალსაჩინო კორუფციონერია. ელიტური კორუფციის ერთ-ერთი მთავარი ფუძემდებელი, მძარცველი პოლიტიკოსი და პოლიტიკოსის იმიჯით თუ სტატუსით მოსიარულე. შესაბამისად, არჩევანის გაკეთება ძალიან მარტივია. ჩვენს მოქალაქეებს, ფოთელებს მოუწევთ ძალიან მარტივი არჩევანის გაკეთება პატიოსნებას, ღირსებას და ერთგულებას შორის და მეორეს მხრივ, იმასთან, რაც ჩამოვთვალე, აღარ გავიმეორებ, აღარ შევაწუხებ ჩვენს მოსახლეობას. ასე, რომ მინდა, კიდევ ერთხელ წარმატება ვუსურვო ჩვენს კანდიდატს. ასევე, მინდა ვუთხრა ჩვენს ფოთელებს, რომ მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ყველა ის ხარვეზი, თუ რაიმე იყო ბოლო წლების განმავლობაში ფოთში, მაქსიმალურად დროულად იქნას გამოსწორებული. ამას შეძლებს ბექა მის გუნდთან ერთად. მაქსიმალური მხარდაჭერა ექნება ცენტრალური მთავრობისგან და ყველა იმ ხარვეზს თუ შეცდომას, რომელიც იყო ბოლო წლებში ან თუ რაიმე ძალისხმევა დავაკელით, აუცილებლად ძალიან მოკლე დროში ამ ყველაფერს გამოვასწორებთ, ვინაიდან ფოთი იმსახურებს უკეთესს, ფოთი იმსახურებს უფრო მაღალი ტემპებით, დიდი ტემპებით განვითარებას, წინსვლას, დამშვენებას და ამ ყველაფერს ჩვენ ერთობლივი ძალისხმევით ჩვენ აუცილებლად შევძლებთ", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.