ტერორისტული ორგანიზაცია "ისლამური სახელმწიფოს" წევრობის ბრალდებით დაკავებულ პირებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.
ბრალდების მხარე დაკავებულებისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა, დაცვის მხარე კი გირაოს შეფარდებას.
სასამართლო სხდომა დახურულ რეჟიმში გაიმართა. აღნიშნული შუამდგომლობით სასამართლოს პროკურატურამ მიმართა. მოსამართლემ შუამდგომლობა დააკმაყოფილა და აღნიშნა, რომ საქმის მასალები შეიცავდა ისეთ ინფორმაციას, რომ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე სასამართლო სხდომა უნდა დაეხურათ.
პანკისის ხეობაში ტერორიზმის ბრალდებით ხუთი პირი ორი დღის წინ დააკავეს. გუშინ კი გასაჯაროვდა მასალა, სადაც ჩანს, რომ დაკავებულები ტერორისტული სიმბოლიკით გადაადგილდებოდნენ და სატელეფონო საუბრებში დანაშაულებრივ გეგმებზე საუბრობდნენ.
სუს-ის ვერსიით, „საქართველოს 5 მოქალაქე გაწევრიანდა ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში და გეგმავდნენ სირიაში - ტერორისტების ბანაკში გამგზავრებას. ერთგულების დასტურად, ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ ამჟამინდელი ლიდერის წინაშე დადეს ერთგულების ფიცი (ე.წ. ბაიათი) და ფიცის ამსახველი ვიდეორგოლი გაავრცელეს ტერორისტებთან დაკავშირებულ პირებთან. ჯგუფის წევრები ღიად გამოხატავდნენ ტერორისტული ორგანიზაციისადმი მხარდაჭერას და ქუჩებში გადაადგილებისას სისტემატურად ახდენდნენ ტერორისტული სიმბოლიკის დემონსტრირებას".