„ჩვენ გვაქვს მრავალფეროვანი შესაძლებლობები სასოფლო ეკონომიკის მხარდაჭერის და ეს გულისხმობს ტურისტული, აგროტურისტული თუ ეკოტურისტული ინფრასტრუქტურის მხარდაჭერას", - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითშვილმა „ქართული ოცნების" ჩხოროწყუს მერობის კანდიდატის დათო გოგუას წარდგენაზე.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის გამორჩეულია, რადგან ამ მუნიციპალიტეტში, სოფელ მუხურში სამინიტროს სისტემაში არსებული განსაკუთრებული სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი მდებარეობს.
„როდესაც ვსაუბრობთ ჩვენი ქვეყნის ბუნებრივ მრავალფეროვნებაზე, ამ მრავალფეროვნების დიდი ნაწილია ქართული ფუტკარი. ქართული ფუტკარში განსაკუთრებით აღსანიშნავი კოლხური პოპულაცია, რომელიც მუხურის მეურნეობაში არის შენარჩუნებული. ჩვენ ვიწყებთ ამ პოპულაციის არა მხოლოდ შენარჩუნებას, არამედ ამ გენოფონდის გამრავლებას, იმისთვის რომ რეალურ წარმოებაში დავუბრუნოთ მოსახლეობას და მივიღოთ მეტი შემოსავალი და სიკეთე. ამავე დროს, ეს გენეტიკური რესურსები ჩვენი ეკონომიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ შეგვიძლია, დედა ფუტკრის სწორი წარმოების შემთხვევაში, დამატებითი ექსპორტით მივიღოთ შემოსავალი, გავამრავლოთ და გავიტანოთ საერთაშორისო ასპარეზზე", - განაცხდა ლევან დავითაშვილმა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ახალი ტყის კოდექსის მნიშვნელობაზეც ისაუბრა. ლევან დავითაშვილის განცხადებით ტყის ფონდი, ტყის რესურსები გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ გავაფართოვოთ საკვები არეალი კოლხური ფუტკრისთვის და მეტი იყოს მაღალხარისხიანი ქართული თაფლის წარმოება; შევქმნათ დამატებითი ტყის ეკონომიკა.
„მიმდინარე წელს ამოქმედდა ტყის ახალი კოდექსი, რომელიც ტყის მდგრადი მართვის აბსოლუტურად ახალ შესაძლებლობებს აჩენს; რომელიც გულისხმობს, ერთი მხრივ, გავუფრთხილდეთ ჩვენ ტყეს, მის ეკოსისტემას და, მეორე მხრივ, ამ ტყიდან მივიღოთ მეტი ეკონომიკური სარგებელი სწორად დაგეგმილი მეურნეობების პირობებში; ამისთვის ვიწყებთ სატყეო მეურნეობების აღდგენას და, რა თქმა უნდა, ეს შეეხება ჩხოროწყუსაც, რადგან აქ ამ მიმართულებითაც დიდი პოტენცილი არსებობს", - განაცხდა ლევან დავითაშვილმა.