საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, პანკისში ტერორისტული ორგანიზაციის წევრობის ბრალდებით დაკავებულ პირთა საქმესთან დაკავშირებით, ფოტო და ვიდემასალას ავრცელებს.
სუს-ის ინფორმაციით, გამოქვეყნებულ ვიდეომასალაში დაკავებულები, რომლებიც "ისლამური სახელმწიფოს" რიგებს შეუერთდნენ, ტერორისტული ორგანიზაციის ლიდერის წინაშე ერთგულების ფიცს დებენ.
"მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე ვასაჯაროვებთ საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული ვიდეო აუდიო მასალის ნაწილს, საიდანაც დგინდება, რომ საქართველოს 5 მოქალაქე გაწევრიანდა ტერორისტულ ორგანიზაცია "ისლამური სახელმწიფოს" რიგებში და გეგმავდნენ სირიაში - ტერორისტების ბანაკში გამგზავრებას. ერთგულების დასტურად, ტერორისტული ორგანიზაცია "ისლამური სახელმწიფოს" ამჟამინდელი ლიდერის წინაშე დადეს ერთგულების ფიცი (ე.წ. ბაიათი) და ფიცის ამსახველი ვიდეორგოლი გაავრცელეს ტერორისტებთან დაკავშირებულ პირებთან. ჯგუფის წევრები ღიად გამოხატავდნენ ტერორისტული ორგანიზაციისადმი მხარდაჭერას და ქუჩებში გადაადგილებისას სისტემატურად ახდენდნენ ტერორისტული სიმბოლიკის დემონსტრირებას", - ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში.
სუს-ის განცხადებით, გამოძიების ფარგლებში, გამოიკვეთა ტერორისტული ორგანიზაციის მხარდამჭერი ჯგუფის ლიდერი, რომელიც ღიად აცხადებდა, რომ იყო ტერორისტული ორგანიზაცია "ისლამური სახელმწიფოს" წარმომადგენელი და საქართველოს ემირი.
"ზემოხსენებული პირები სწორედ მისი დახმარებით გაწევრიანდნენ ტერორისტული ორგანიზაციის რიგებში და გეგმავდნენ სირიაში გამგზავრებას. ისინი პერიოდულად აწყობდნენ კონსპირაციულ შეხვედრებს და განიხილავდნენ სირია-ერაყის ტერიტორიაზე მიმდინარე პროცესებს და საქართველოსთან მიმართებით არსებულ სამომავლო გეგმებს", - აცხადებს უწყება.
საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 327-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტერორისტული ორგანიზაციის წევრობას გულისხმობს.
გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრი.