სააპელაციო სასამართლომ განზრახ მკვლელობაში ბრალდებული ზურაბ ზვიადაურის სააპელაციო საჩივრის განხილვაზე უარი განაცხადა.
ოლიმპიური ჩემპიონის ადვოკატები აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარ პატიმრობას ასაჩივრებდნენ.
ადვოკატებით პატიმრობის თავდებობით ან გირაოთი შეცვლას ითხოვდნენ.
"სააპელაციო სასამართლომ უარი გვითხრა საჩივრის განხილვაზე. განიხილა სხვა საკითხები, რომლებიც შემხებლობაში არ იყო ჩვენს დავასთან, აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არის უკანონო და ის მოქმედი კანონმდებლობით აღარ საჩივრდება. შესაძლებელია, მისი გასაჩივრება მოხდეს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში და ამასთან დაკავშირებით ვისაუბრებთ ზურაბთან", - განაცხადა ადვოკატმა ტარიელ მურმანიშვილმა.
შეგახსენებთ, საქართველოს პროკურატურამ სოფელ წინანდალთან განზრახ მკვლელობის ფაქტზე ზურაბ ზვიადაურს ბრალი 18 აგვისტოს წარუდგინა.
პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ 2021 წლის 16 აგვისტოს, თელავის რაიონის სოფელ წინანდალში, ე.წ. მუხიანის ტერიტორიაზე, რამდენიმე პირს შორის დაწყებული ურთიერთშელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რასაც ორმხრივი სროლა მოჰყვა.