"ქართული ოცნებისა“ და მისი ლიდერების განცხადებები, რასაც გუშინ და დღეს ვისმენთ, არის აბსოლუტურად უპასუხისმგებლო, - აცხადებს „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე.
მისი განმარტებით, ქვეყანაში არის უმძიმესი ვითარება, მძვინვარებს პანდემია, ტრაგედია შეეხო ბევრ ჩვენს ახლობელს.
"ყოველდღიურად მეტი და მეტი გარდაცვლილია, ჯანდაცვის სისტემა უმძიმეს ვითარებაშია და ხალხს რეალურად ეშინია კოვიდპანდემიის, რადგან არ იმართება სისტემა ისე, როგორც უნდა იმართებოდეს. ამ ფონზე „ქართული ოცნებისა“ და მისი ლიდერების განცხადებები, რასაც გუშინ და დღეს ვისმენთ, არის აბსოლუტურად უპასუხისმგებლო. რამდენად უპრინციპო უნდა იყო ადამიანი, როცა კვლავ პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს კოვიდპანდემიასაც. ჩვენს ყველა განცხადებაში ყოველთვის რბილად ვსაუბრობდით არჩევნების გადადებასთან დაკავშირებით. მათი მიზანია, აჩვენონ, რომ ორპოლუსიანია ქვეყანა, თქვან, რომ ყველა ერთი პარტიაა, მათ შორის სახალხო დამცველი, პარტიებსა და პოლიტიკოსებს შორის განსხვავება არ არის. ნუთუ არ რცხვენიათ, როცა ამდენი ადამიანი კვდება. ამ ვითარებაში მაინც თქვენი სტანდარტული პოლიტიკური სტრატეგია, რომ ყველა ერთი პარტიაა და ყველა განსხვავებული აზრი არის ერთი პარტიიდან ნათქვამი, ეს მოიშალოთ. როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს უბედურება. ტრაგედია ტრიალებს ქვეყანაში, სიკვდილის სუნი ტრიალებს ქუჩებში, ყველგან და თქვენ ამ ფონზე ამ სიბინძურეს მიმართავთ. „ქართული ოცნების“ ყველა განცხადება მიუთითებს, რომ მათ არ აღელვებთ ადამიანების ბედი, რომ მზად არიან, საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისთვის გასწირონ ადამიანების სიცოცხლე, მეტი არაფერი“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.