ტურიზმის კერძო სექტორში დასაქმებულთა ვაქცინაციის სტიმულირების პროექტის ფარგლებში, ტურისტულ სექტორში ჩართული კომპანიები, მათ შორის რესტორნები და განთავსების ობიექტები, რომელთა დასაქმებულების 60% იქნება სრულად ვაქცინირებული, ტურისტულ გამოფენებზე 30%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ, ხოლო ის კომპანიბი, რომელთა თანამშრომლების 80% იქნება სრულად ვაქცინირებული - 50%-იანი ფასდაკლებით, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, საქართველო წლის განმავლობაში დაახლოებით 40-მდე ტურისტულ გამოფენაზე მონაწილეობს საერთაშორისო მასშტაბით, რაც საკმაო თანხებთან არის დაკავშირებული როგორც კერძო სექტორისთვის, ასევე სახელმწიფოსთვის.
„ჩვენ მიერ შემუშავებული სპეციალური სტიმულირების პროექტის ფარგლებში შემუშავებული ეს პაკეტი, რა თქმა უნდა, ჯამურად კომპანიისთვის იქნება დიდი ფინანსური შეღავათი და კომპანიებს შეეძლებათ ეს თანხები აცრილი თანამშრომლების და არა მხოლოდ მათი მეტად სტიმულირებისთვის განკარგოდ", - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის განცხადებით, ტურიზმის კერძო სექტორში დასაქმებულთა ვაქცინაციის სტიმულირების პროექტის ფარგლებში, საქართველოში მსხვილი საერთაშორისო ტურისტული კომპანიების წარმომადგენლების, ჟურნალისტების თუ ბლოგერების ტურის დროს, შეირჩევიან ისეთი სასტუმროები, კვების ობიექტები თუ სხვა სერვისის მიმწოდებლები, რომელთა თანამშრომლების მინიმუმ 60% სრულად იქნება ვაქცინირებული.
„მოგეხსენებათ, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ეგიდით, აქტიურად მუშაობს ქვეყნის პოპულარიზაციის კუთხით და გვაქვს ბევრი პროექტი, რომლის ფარგლებშიც ჩამოგყავს ცნობილი და მსხვილი ტურისტული კომპანიები, ასევე ჟურნალისტები, ბლოგერები და ეს ეფექტური ინსტრუმენტია ქვეყნის პოპულარიზაციისთვის. სწორედ ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ყველა ასეთი ტურის დროს, როდესაც ვმასპინძლობთ მნიშვნელოვან სტუმრებს, ავარჩიოთ ისეთი სასტუმროები, კვების ობიექტები თუ სხვა სერვისის მომწოდებლები, რომელთა თანამშრომლების მინიმუმ 60% იქნება სრულად ვაქცინირებული. ამ ყველაფრით გვინდა მეტი სტიმულირება შევიტანოთ ინდუსტრიაში. თუმცა რა თქმა უნდა, გვესმის, რომ ეს არ არის ერთადერთი მოცემულობა, რითიც შევძლებთ მოტივაციის გაზრდას. სწორედ ამიტომ, გასულ კვირას ამირან გამყრელიძესთან ერთად შევხვდით ტურიზმის სექტორს და შევთანხდით, რომ განვაგრძობთ ასეთი ტიპის შეხვედრებს მიმდინარე კვირაშიც. გვაქვს ინფორმაცია, რომ არსებობს ბევრი კითხვა, მათ შორის რატომ შეიძლება ფერხდებოდეს სექტორში ვაქცინაცია და ჩვენი ამოცანაა, ყველა კითხვას გაეცეს შესაბამისი პასუხი და ვნახოთ ტურიზმის სექტორში მეტი ვაქცინირებული დასაქმებული", - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.