მთავრობამ ტურიზმის სფეროში დასაქმებული ადამიანებისთვის ვაქცინირების სტიმულირების პაკეტი შეიმუშავა.
როგორც დღეს საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა, სტუმულირების პაკეტის თანახმად, ყველა გიდი, რომელიც ორჯერადად ვაქცინირებული იქნება, უსასყიდლოდ ისარგებლებს სახელმწიფო სერვისებით, მათ შორის, ისეთით როგორიც არის მუზეუმი, დაცული ტერიტორიები, ზამთრის კურორტებზე არსებული საბაგიროები.
„უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ დარგში დასაქმებული ადამიანების უმეტესობა იყოს ვაქცინირებული. სწორედ ამიტომ ჩვენ რამდენიმე მიმართულებით დავყავით სტიმულირების პაკეტის პროექტი. პირველ რიგში მოგახსენებთ, რომ ყველა გიდი, რომელიც სრული ორი დოზით იქნება ვაქცინირებული, მომდევნო ორი თვის განმავლობაში, სექტემბერ-ოქტომბრის პერიოდში ისარგებლებს სახელმწიფო სერვისებით, მათ შორის, ისეთით როგორიც არის მუზეუმი, დაცული ტერიტორიები, ზამთრის კურორტებზე არსებული საბაგიროებით სრულიად უსასყიდლოდ. ეს ნიშნავს იმას, რომ ყველა გიდს, რომელსაც აქვს სრული ვაქცინაცია ჩატარებული, ისინი ამ ობიექტებზე შევლენ სრულიად უსასყიდლოდ,“- განაცხადა ქვრიშვილმა.