აზიის განვითარების ბანკის (ADB) ახალი ანგარიშის მიხედვით კორონავირუსული დაავადების (კოვიდ-19) პანდემია აზიისა და წყნარი ოკეანის ქვეყნების მდგრადი განვითარების მიზნების კრიტიკულად მნიშვნელოვან პროგრესს აფერხებს.
დღეს გამოქვეყნებული პუბლიკაციის — აზიისა და წყნარი ოკეანის ქვეყნების 2021 წლის მთავარი ინდიკატორების მიხედვით, გასული წლის მონაცემებზე დაყრდნობით, განვითარებად აზიაში1 პანდემია დამატებით დაახლოებით 75-დან 80 მილიონამდე ადამიანს უკიდურესი სიღარიბისკენ უბიძგებს. თუ დავუშვებთ, რომ პანდემიამ უთანასწორობა გაზარდა, უკიდურესი სიღარიბის სავარაუდო მატება — რაც დღეში 1.90 აშშ დოლარზე ნაკლები შემოსავლით განისაზღვრება — შესაძლოა კიდევ უფრო დიდი იყოს. წინსვლა ასევე შეჩერდა შემდეგი მიმართულებებით — შიმშილის დაძლევა, ჯანდაცვა და განათლება, სადაც წინანდელი მიღწევები რეგიონის მასშტაბით შესამჩნევი, მაგრამ სავარაუდოდ არათანაბარი იყო.
მთავარი ინდიკატორები წარმოადგენს ADB-ის 49 რეგიონული წევრი ქვეყნის სიღრმისეულ ეკონომიკურ, ფინანსურ, სოციალურ და გარემოსდაცვით სტატისტიკას. ანგარიშის მიხედვით 2017 წელს დაახლოებით 203 მილიონი ადამიანი ანუ განვითარებადი აზიის მოსახლეობის 5.2% ცხოვრობდა უკიდურეს სიღარიბეში. კოვიდ-19-ის არარსებობის შემთხვევაში ეს ციფრი 2020 წელს დაახლოებით 2.6%-მდე შემცირდებოდა.
„აზიისა და წყნარი ოკეანის ქვეყნებმა თვალსაჩინო წარმატებას მიაღწიეს, მაგრამ კოვიდ-19-მა ის სოციალური და ეკონომიკური ხარვეზები გამოავლინა, რომლებიც შესაძლოა რეგიონის მდგრად და მრავალმხრივ განვითარებას აფერხებდეს,“ — განაცხადა ADB-ის მთავარმა ეკონომისტმა იასუიუკი სავადამ. — „მდგრადი განვითარების მიზნების 2030-ის შესასრულებლად, გადაწყვეტილების მიმღები პირები საჭიროა აღიჭურვონ მაღალი ხარისხის, უახლესი მონაცემებით, რათა ეკონომიკური აღდგენის დროს ყველა გათვალისწინებული იყოს, განსაკუთრებით მოსახლეობის ღარიბი და მოწყვლადი ნაწილი.“
ბოლო წლებში აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის ეკონომიკა მაღალი ტემპით იზრდებოდა და 2019 წელს გლობალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 35%-ს წარმოადგენდა, აშშ დოლარში გაანგარიშებით. კოვიდ-19-მა დარტყმა სწორედ იმ დროს მიაყენა რეგიონს, როცა შედარებით სუსტი შიდა ინვესტიციები, შენელებული გლობალური ვაჭრობა და ეკონომიკური აქტივობა აღმასვლის ნიშნებს ავლენდა. აზიისა და წყნარი ოკეანის ანგარიშის წარმომდგენი ეკონომიკებიდან მშპ-ს ზრდა გასულ წელს ოთხიდან ერთმა დააფიქსირა. გადაადგილების შეზღუდვის გამო რეგიონმა დაკარგა სამუშაო საათების დაახლოებით 8%, რამაც დიდი გავლენა მოახდინა შედარებით ღარიბ ოჯახებსა და არაფორმალურად დასაქმებულ მუშახელზე.
მთავარი ინდიკატორების ანგარიშში სპეციალური ჩანართი ეთმობა პრაქტიკულ ჩარჩოს ციფრული ეკონომიკის მასშტაბის განსასაზღვრად და თანამედროვე სამყაროში მისი მზარდი როლის თაობაზე, რაც განსაკუთრებით თვალსაჩინოდ კოვიდ-19-ის პანდემიის დროს გამოვლინდა.
მთავარი ინდიკატორები 2021-ში ასევე წარმოდგენილია:
- აზიასა და წყნარი ოკეანის ქვეყნებში მდგრადი განვითარების მიზნების ინდიკატორების სტატუსი;
- რეგიონული ტენდენციები და ცხრილები, მათ შორის რვა თემატური ინდიკატორი — ადამიანები; ეკონომიკა და წარმოება; ფული, ფინანსები და ფასები; გლობალიზაცია; ტრანსპორტი და კომუნიკაციები; ენერგეტიკა და ელექტროენერგია; გარემოს დაცვა; მთავრობა და მმართველობა;
- გლობალურ ჯაჭვებზე პანდემიის გავლენის ანალიზი და მისი როლი შოკების როგორც შესუსტებას, ასევე გაძლიერებაში;
- ADB-ის 49 რეგიონული წევრის განახლებული ინდივიდუალური ცხრილები.
ანგარიშთან ერთად ADB-მ ასევე განაახლა მთავარი ინდიკატორების მონაცემთა ბაზა, სადაც მარტივ ფორმატშია ხელმისაწვდომი 2000 წლიდან დღემდე არსებული სტატისტიკური ინფორმაცია.
ADB-ის მიზანია, ხელი შეუწყოს აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის წარმატებულ, მრავალმხრივ, მედეგ და მდგრად განვითარებას. ამავდროულად, ის კვლავაც აგრძელებს მუშაობას რეგიონში უკიდურესი სიღარიბის აღმოსაფხვრელად. 1966 წელს დაარსებული ორგანიზაცია აერთიანებს 68 ქვეყანას, მათ შორის 49 აზიის რეგიონიდანაა წარმოდგენილი.