თანავუგრძნობ თითოეული გარდაცვლილის ოჯახს, მთლიანად ქვეყანას, ამ უდიდეს ტრაგედიას, რომელიც ხელისუფლებამ თავისი არათანმიმდევრულობითა და არაკვალიფიციურობით, ქართულ "ნოუჰაუდ" აქცია, - ასე ეხმიანება „სტრატეგია აღმაშენებლის წარმომადგენელი, ექსპერტი ჯანდაცვის საკითხებში სერგო ჩიხლაძე დღეს გამოქვეყნებულ კოვიდსტატისტიკას, რომლის მიხედვით ბოლო 24 საათში კორონავირუსით 74 ადამიანი გარდაიცვალა.
"ახლა არც ისტორიული პარალელების დროა და არც ყალბი პათეტიკის ან თუნდაც - არაყალბის. არ ვაპირებ, ახლა იმაზე ვისაუბრო, რას წერენ ჩვენზე უცხოეთში ან რომელი ვაქცინა უკეთესია. მინდა დავფიქრდეთ, რატომ ვართ ამ დღეში? შეიძლებოდა თუ არა, ამის თავიდან აცილება? ვინ არის პასუხიმებელი იმაზე, რომ დღეს, 74 ადამიანი გარდაიცვალა! ვინ არის პასუხისმგებელი იმაზე, რომ დაგვიანებული, არათანმიმდევრული ჯანდაცვის პოლიტიკის გამო, ყოველდღიურად ამდენ სიცოცხლეს ვკარგავთ?
დღეს 74 ადამიანი გარადაიცვალა! თითოეული მათგანი გარდაიცვალა იმიტომ, რომ ხელისფლებამ ვერ დაიცვა, ვერ უზრუნველყო მათი სიცოცხლის უფლება! ადამიანები იღუპებიან ხელისუფლების არაპროფესიონალიზმითა და დანაშაულებრივი გულგრილობით. ადამიანები იღუპებიან იმის გამო, რომ ხელისუფლებამ მიატოვა. მიატოვა სწორედ მაშინ, როდესაც დახმარება ყველაზე მეტად სჭირდებოდა. ეს დახმარება ვაქცინა იყო! ეს დახმარება საინფორმაციო კამპანიის წარმოება იყო! ეს დახმარება თიოეული ადამიანისთვის იმის ახსნა იყო, რომ სიკვდილზე გამარჯვებისთვის, იმუნიზაცია აუცილებელია!
ეს დახმარება 112-ის გამართული მუშაობა იყო, ეს დახმარება ოჯახის ექიმის ინსტიტუტისა და სასწრაფო დახმარების სიტემების გამართვა იყო! ეს დახმარება იყო ექიმებისა და ექთნებისთვის ღირსეული ხელფასის მიცემა, დაგვიანების გარეშე! ეს დახმარება სამედიცინო პერსონალის მობილიზება, მუდმივი გადამზადება და უსაფრთხოება იყო! ეს დახმარება იყო თავის დროზე მასობრივი ტესტირება და შესაბამისი ქსელის აწყობა, რომელზეც ვაქცინაციის წერტილებიც დაშენდებოდა!.... და კიდევ რამდენი...
ხელისუფლებამ ეს საჭიროებები ვერ უზრუნველყო. უფრო მეტიც, ხელისუფლების მეციხოვნე ეპიდემიოლოგ-ბიუროკრატები ისე დაეცნენ, რომ ტესტირების აუცილებლობაზე ამბობდნენ, რომ „პანაცეა არ არის“! მრავალთვიანი სახლში გამოკეტვის შემდეგ, ვერც ჯანდაცვის სისტემა გამართეს და ვერც ეკონომიკას მიხედეს. დაწესებული შეზღუდვების აღსრულებაც ვერ მოახერხეს და ხელისუფლებამ ადამიანები სიკვდილის პირისპირ დაუცველად დატოვა.
სიმართლეა ისიც, რომ მაშინ, როცა ხელისუფლება დუმდა, ოპოზიცია, მედია, უცხოეთში მყოფი ექიმები თუ ჯანდაცვის ექპსრეტები იმუნიზაციის აქტიურ კამპანიას ეწეოდნენ. უფრო მეტიც, კოვიდის მართვის არაერთი გეგმა და ალგორითმი გავუგზავნეთ ხელისუფლებას, მაგრამ ამის გამო კი, დაუღალავად ვილანძღებოდით და ვილანძღებით დღესაც. სიძულვლის ენით აღსავსე ფეისბუკპოსტების რეკორდსმენ ავტორებად იქცნენ ქვეყნის "წამყვანი" სამედიცინო ბიუროკრატები, ნაცვლად იმისა, რომ დაუღალავად მოუწოდებდნენ ადამიანებს იმუნიზაციის პროცესში ჩართვისკენ. სიმართლეა ისიც, რომ ანტივაქსერული კამპანია მხოლოდ ხელისუფლებას აწყობდა ერთი მარტივი მიზეზის გამო - ვაქცინა ფიზიკურად არ იყო. ხელისუფლების წისქვილზე ასხამდა წყალს ფსევდო ქრისტიანულად შენიღბული კამპანია, თავისი ათასგვარი თეორიებით...
ანტივაქსერები და ანტივაქსერული კამპანია ქართული "ნოუჰაუ" ნამდვილად არ არის. ფაქტია, რომ მაშინ, როდესაც ვაქცინა შემოვიდა ქვეყანაში, მოსახლეობის 10 პროცენტამდე, ფაქტობრივად, 1,5 თვეში, სრულად ვაქცინირებულია და 23 პროცენტამდე - ერთჯერადად. თუ ხელისუფლებას არ აქვს უნარი, მოსახლეობის 60-70 პროცენტამდე სწორად მიიტანოს ინფორმაცია, იმუნიზაციის აუცილებლობაზე და მას ანტივაქსერული კამპანია ჯაბნის, მით უფრო, მისი ადგილი ხელისუფლებაში არ არის. შევხედოთ საფრანგეთს, შევხედოთ სხვა განვითარებულ ქვეყნებს, ანტივაქსერული კამპანიის პარალელურად, მოსახლეობის რამდენი პროცენტია აცრილი...
თანავუგრძნობ თითოეული გარდაცვლილის ოჯახს, მთლიანად ქვეყანას, ამ უდიდეს ტრაგედიას, რომელიც ხელისუფლებამ თავისი არათანმიმდევრულობითა და არაკვალიფიციურობით, ქართულ "ნოუჰაუდ" აქცია", - ამბობს ჩიხლაძე.