დაღესტანში სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებზე სასტიკი თავდასხმა მოხდა. უცნობმა პირებმა მილიციის გაძლიერებული დანაყოფი კიზლიარ-კრაინოვკას გზაზე დაცხრილეს. შედეგად დაღუპულია ერთი მილიციონერი და ექვსი ადამიანი, მათ შორის ერთი ადგილობრივი მაცხოვრებელი ქალი დაიჭრა.
ამას გარდა, დაღესტნის კარაბულახკენტსკი რაიონში შინაგანი ჯარის კოლონა ააფეთქეს. შეტევის შედეგად დაჭრილია ერთი მილიციელი. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
"დაახლოებით ღამის პირველი საათზე უცნობმა პირებმა მილიციის თანამშრომლებს ცეცხლი გაუხსნეს. ისინი გზატკეცილის მეოთხე კილომეტრზე ავტოსატრანსპორტო საშუალების შემოწმებას აწარმოებდნენ. თავდასხმის შედეგად, მილიციის ერთი თანამშრომელი სასიკვდილოდ დაიჭრა, ხუთმა კი სხეულის სხვა და სხვა სახის დაზიანება მიიღო", _ იუწყება რუსული მედია. მათივე ინფორმაციით, ასევე დაჭრილია ადგილობრივი მოსახლე ქალი, რომლის ავტომობილსაც ამოწმებდნენ სამართალდამცავები.
ამჟამად იმ პირების ძებნა მიმდინარეობს, რომლებიც მილიციის დანაყოფს დაესხნენ.
მალევე შინაგანი ჯარის კოლონის გავლის გზაზე, დაღესტნის კარაბულახკის რაიონის დასახლებულ პუნქტთან, უცნობმა პირებმა ფუგასი ააფეთქეს. რესპუბლიკის სამართალდამცავ ორგანოებში განმარტავენ, რომ აფეთქების შედეგად დაჭრილია სამხედრო მოსამსახურე, რომელიც ჯავშანმანქანის ბორტზე იჯდა. დაზიანებულია ჯავშანმანქანაც.
სამართალდამცავები ასევე ეძებენ იმ პიროვნებებს, რომლებმაც ფუგასის დამონტაჟება მოახდინეს. ამას გარდა გაძლიერებულია სარკინიგზო ლიანდაგის დაცვა, იმ რაიონში სადაც კოლონის აფეთქება მოხდა.