საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული მოქალაქეების, რომელთაც ჰოსპიტალიზაცია დასჭირდათ, უდიდესი ნაწილი აცრილი არ ყოფილა.
გაბუნიას თქმით, რეანიმაციაში სრულად ვაქცინირებულთა მხოლოდ 0,3% მოხვდა.
"ჩვენ გავაკეთეთ ინფიცირებულების ანალიზი მარტიდან აგვისტოს 17 რიცხვამდე აცრილი პირების რაოდენობის მიხედვით. ინფიცირებულთა 98%-ზე მეტი ვაქცინირებული არ იყო. საავადმყოფოში მოხვედრილების უდიდესი ნაწილი ვაქცინირებული არ ყოფილა.
რაც შეეხება რეანიმაციის განყოფილებას, რეანიმაციაში აქამდე მკურნალობა გაიარა დაახლოებით 3500 პირმა. მათ შორის ერთხელ ვაქცინირებული იყო დაახლოებით 1%-მდე და ორჯერ ვაქცინირებული იყო 0,3%. ანუ, ორჯერ ვაქცინირებულების ერთეული შემთხვევები მოხდა რეანიმაციაში ამ 3500 პირიდან. ეს ნიშნავს იმას, რომ რეალურად ვაქცინა მუშაობს და იცავს მძიმე შემთხვევების განვითარებისგან", - თქვა გაბუნიამ.