ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგას" თავდამსხმელი ოთარ მარცვალაძე, "სპორტ-ექსპრესის" ვერსიით, რუსეთის პირველი დივიზიონის საუკეთესო მოთამაშე გახდა.
განვლილი სეზონის გამორჩეული 19 ფეხბურთელისგან შედგენილ სიაში, რომელთაც 25-ზე ნაკლები შეხვედრა არ აქვთ ჩატარებული, ქართველ ფეხბურთელს საუკეთესო საშუალო შეფასება აქვს - თითო მატჩში იგი 3,84 ქულას იღებდა.
საუკეთესოთა შორის მე-6 ადგილზე გავიდა ნიჟნინოვგოროდელთა კიდევ ერთი ქართველი ედიკ საჯაია, რომლის გარჯასაც "სპორტ-ექსპრესი" თითოეულ თამაშში საშუალოდ 3,76 ქულით აფასებდა.
გარდა იმისა, რომ მარცვალაძე პირველ დივიზიონში საუკეთესო ფეხბურთელი გახდა, მან ცალკეულ ნომინაციებშიც გაიმარჯვა. კერძოდ, "სპორტ-ექსპრესის" ვერსიით, იგი რუსეთის ქვედა ლიგის საუკეთესო თავდამსხმელია. ამასთანავე, "ვოლგას" ფორვარდმა, 33 მატჩში გატანილი 21 გოლით, პირველობა არავის დაუთმო ბომბარდირთა დავაში და გოლი+პასის ნომინაციაშიც გაიმარჯვა - გოლებს ოთხი ზუსტი პასიც მიუმატა.
მარცვალაძე უკონკურენციო იყო პირველი დივიზიონის ლეგიონერებს შორისაც. რაც შეეხება საჯაიას, პირველი დივიზიონის გამორჩეულ მცველებში, ის მეორე ადგილზე გავიდა.
აქედან გამომდინარე, მარცვალაძე და საჯაია, "სპორტ-ექსპრესის" ვერსიით, პირველი დივიზიონის სეზონის სიმბოლურ ნაკრებშიც მოხვდნენ.