შინდისის ბრძოლიდან 13 წელი გავიდა. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისთან გმირულად დაღუპული ქართველი სამხედროების ხსოვნას საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა და სამხედრო მოსამსახურეებმა პატივი მიაგეს.
თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა პირებმა შინდისის მემორიალი გვირგვინით შეამკეს და კიდევ ერთხელ გაიხსენეს შინდისის ბრძოლაში დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების გმირობის ისტორია.
შინდისის ბრძოლა 2008 წლის 11 აგვისტოს მოხდა და ერთ-ერთი გამორჩეული და მძიმე ეპიზოდია აგვისტოს ომის ქრონიკაში.
რუსულ სამხედრო ნაწილთან უთანასწორო შეტაკების დროს საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 17 ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა - ალექსანდრე ონიანი, ემზარ წილოსანი, ვეფხვია ჯიშკარიანი, ზვიად კაცაძე, თეიმურაზ ბერიძე, ილია გაბუნია, ილია შეყლაშვილი, ირაკლი ჯანელიძე, კახა კოშაძე, ლევან მელქაძე, მარლენ ბარამია, მიხეილ დვალიშვილი, ნიკოლოზ ფორჩხიძე, რომან ზოიძე, რუსლან წულაძე, ფელიქს კაკაურიძე და შმაგი კუპატაძე.
საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, უმაღლესი სახელმწიფო ჯილდო, ეროვნული გმირის ორდენი მიენიჭა 2008 წლის 11 აგვისტოს, შინდისში, რუსულ ჯართან უთანასწორო ბრძოლაში დაღუპულ უმცროს სერჟანტს, ალექსანდრე ონიანს.