სარეიტინგო სააგენტო „Fitch"-მა კვლავ დაადასტურა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი „BB" დონეზე, ხოლო რეიტინგის პერსპექტივა „ნეგატიურიდან" „სტაბილურამდე" გააუმჯობესა. ამით საქართველო დაუბრუნდა პანდემიამდელ მაჩვენებელს.
საქართველოს მიზანია, საინვესტიციო რეიტინგის მიღწევა, რომლამდეც დარჩენილია 2 საფეხური. „Fitch"-ის დღევანდელმა გადაწყვეტილებამ, აღნიშნული მიზანი კიდევ უფრო მკაფიო გახადა.
მიმდინარე პანდემიისა და გლობალური გაურკვევლობის ფონზე, სარეიტინგო სააგენტოს მიერ რეიტინგის პერსპექტივის გაუმჯობესება, ნათლად მიანიშნებს, „Fitch"-ის მაღალ სანდოობას ხელისუფლების პოლიტიკის მიმართ, რომელიც ორიენტირებულია მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნებასა და ფისკალურ მდგრადობაზე.
რეიტინგის პერსპექტივის გაუმჯობესების მთავარ მიზეზად, სააგენტო ასახელებს მოსალოდნელზე სწრაფ ეკონომიკურ აღდგენას, ძლიერ და დამაჯერებელ მაკროეკონომიკურ პოლიტიკას და მაღალ საერთაშორისო მხარდაჭერას, რომლის საფუძველიც გატარებული სწორი მაკროეკონომიკური პოლიტიკა გახდა.
სარეიტინგო კომპანიის შეფასებით, მიუხედავად პანდემიით განპირობებული მნიშვნელოვანი ზიანისა, საქართველომ შეძლო საგარეო შოკთან კარგად გამკლავება. ამასთან, საიმედო პოლიტიკისა და ოფიციალური კრედიტორების ძლიერი მხარდაჭერის შედეგად, გაუმჯობესდა საგარეო ბუფერები.
საქართველოს ეკონომიკის გაჯანსაღება შთამბეჭდავი ტემპებით მიმდინარეობს, 2021 წლის იანვარ-ივნისში ეკონომიკურმა ზრდამ 12.7% შეადგინა. საბაზო ეფექტის გამორიცხვით ეკონომიკურ ზრდას ხელი შეუწყო საქონლის ექსპორტის და ფულადი გზავნილების ზრდამ, ასევე ტურიზმის აღდგენის ტენდენციებმა.
მოსალოდნელზე მაღალი ეკონომიკური აქტივობის ფონზე, „Fitch"-მა ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 3.5 პროცენტული პუნქტით (4.3 პროცენტიდან) 7.8%-მდე გაზარდა, რაც გულისხმობს, რომ ეკონომიკური აქტივობა გადააჭარბებს 2019 წლის დონეს. სარეიტინგო კომპანიის შეფასებით, 2022-2023 წლებში, ტურიზმის სწრაფი აღდგენის და ინვესტიციების ზრდის ფონზე, ეკონომიკური ზრდა საშუალოდ 5.4% იქნება. სარეიტინგო სააგენტოს შეფასებით, ეკონომიკური ზრდის რისკებს ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა, ვაქცინაციის ტემპი და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები წარმოადგენს.
სარეიტინგო სააგენტო აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობის სანდო და თანმიმდევრულმა პოლიტიკამ, ხელი შეუწყო ქვეყნის მდგრადობას არა მხოლოდ პანდემიით განპირობებული შოკების, არამედ სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში მიმდინარე შოკების მიმართაც (თურქეთი და რუსეთი).
„Fitch"-ის პროგნოზით, სახელმწიფო ვალი მიმდინარე წელს მშპ-ს 56%-მდე შემცირდება. საქართველოს სახელმწიფო ვალის დონე შესაბამისობაშია „BB" კატეგორიის ქვეყნების მედიანურ მაჩვენებელთან (59.1% 2020 წლის ბოლოს).
სააგენტოს შეფასებით, საშუალოვადიან პერიოდში, ფისკალურ კონსოლიდაციას ხელს შეუწყობს პანდემიამდე საქართველოს მთავრობის ფისკალური წესის ერთგულების წარმატებული გამოცდილება.
სარეიტინგო კომპანია მიიჩნევს, რომ ხელისუფლების მიმდინარე ძალისხმევა, რაც მოიცავს საგადასახადო ადმინისტრირების გაუმჯობესებას, საჯარო ფინანსების მენეჯმენტის გაძლიერებას დღგ-ის ზედმეტობების ავტომატური დაბრუნების გზით და სახელმწიფო საწარმოების გამჭვირვალობის ზრდას, ხელს შეუწყობს ფისკალურ მდგრადობას. 2020 წელს, ბიუჯეტის 9.3-პროცენტიანი დეფიციტის შემდეგ, „Fitch"-ის პროგნოზით, ბიუჯეტის დეფიციტი 2021 წელს 6.8 პროცენტამდე, 2022 წელს 5.1 პროცენტამდე, ხოლო 2023 წელს 3.3 პროცენტამდე შემცირდება.
„Fitch"-ის შეფასებით, საქართველოს მთავრობამ შეძლო რისკების ადეკვატურად მართვა, ასევე დონორთა ძლიერი მხარდაჭერის შედეგად, შესაძლებელი გახდა საგარეო დაფინანსების საჭიროებების უზრუნველყოფა. ამასთან, სანდო მაკროპრუდენციულმა და მონეტარულმა პოლიტიკამ, ხელი შეუწყო საბანკო სისტემის სტაბილურობას და გაცლითი კურსის მერყეობის შემცირებას.
მნიშვნელოვნად პოზიტიურია სარეიტინგო კომპანიის პროგნოზები საგარეო მოწყვლადობის შემცირებასთან მიმართებით. კერძოდ 2021 წელს მოსალოდნელია მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის მშპ-ს 6.8 პროცენტამდე შემცირება, ხოლო ტურიზმის აღდგენის ფონზე, 2023 წელს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი მშპ-ს 3.3 პროცენტს მიაღწევს, ტურიზმიდან შემოსავლები კი 2019 წლის დონეს დაუბრუნდება. მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი ძირითადად პირდაპირი უცხოური ინვესტიციებით იქნება დაფინანსებული და წმინდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 2021-2023 წლებში საშუალოდ მშპ-ს 3.5 პროცენტი იქნება.
პოლიტიკური გაურკვევლობის მიუხედავად, „Fitch" არ მოელის პოლიტიკის ჩარჩოს მნიშვნელოვან ცვლილებას, რაც წარმოადგენს საქართველოს რეიტინგის საფუძველს. საქართველოს პოზიციები მსოფლიო ბანკის მმართველობის ინდიკატორებში აღემატება „BB" კატეგორიის ქვეყნების მედიანურ მაჩვენებელს.
საქართველოს სუვერენული რეიტინგის პერსპექტივის გაუმჯობესება ნათლად მიანიშნებს საქართველოს მთავრობის სწორ ეკონომიკურ პოლიტიკაზე და ჩვენი ქვეყნის პოლიტიკის ძლიერ მხარდაჭერაზე სარეიტინგო კომპანიის მხრიდან.