ამ ქვეყანაში არანაირი არჩევნები არ ტარდება. ამერიკელებთან ერთად იწერება, ვის რა პროცენტი უნდა მიანიჭონ - ამის შესახებ "პატრიოტთა ალიანსი" ლიდერი ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომლითაც ის ეხმიანება პოლიტიკოსების განცხადებებს, რომელიც პუტინისადმი გაგზავნილ წერილს მოჰყვა.
ირმა ინაშვილის თქმით, ქვეყნის ღალატი არა პუტინისადმი წერილის მიწერა, არამედ ქართული მიწების ჩაბარებაა, რაც წინა რეჟიმმა 2008 წლის აგვისტოში გააკეთა.
„ბოლო ორი დღის მანძილზე არაერთ კომენტარს გავეცანი. ყველა მამაძაღლს ერთად ვპასუხობ: ქვეყნის ღალატი ქართული მიწების ჩაბარებაა, რაც წინა რეჟიმმა 2008 წლის აგვისტოში გააკეთა. კოდორი და ახალგორი უომრად დათმეს; ქვეყნის ღალატია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაზე ხელმოწერა, სადაც „ნაცმოძრაობამ“ აღიარა, რომ აგვისტოს ომი საქართველომ დაიწყო; ქვეყნის ღალატია, როცა ხელისუფლება ხარ, ზუსტად იცი, რომ არავითარი ნატო არ გაგაწევრიანებს და მაინც განაგრძობ შენი ხალხის მოტყუებას, თითქოს ოდესმე იქ შეხვალ. ამასობაში, საკუთარ ქვეყანას უმძიმესი საფრთხეების ქვეშ აყენებ და ვითომ არ გესმის, რა საფრთხეებია, ვითომ არ ხედავ, ვითომ არ იმჩნევ. იმიტომაც დაიწერა ჩვენი ღია წერილი, რომ ეს უმძიმესი საფრთხე როგორმე ავარიდოთ ჩვენს ქვეყანას. რატომ არ შუქდება საქართველოში, რა განცხადებები კეთდება რუსეთში, რას ამბობს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, სამხრეთის ოლქის ჯარების სარდალი, რუსეთის პრეზიდენტის პრეს-სპიკერი? პირდაპირ გვეუბნებიან, რომ მათი სახელმწიფოს უსაფრთხოების დასაცავად, სამხედრო-ტექნიკურ ზომებს გამოიყენებენ, მერე რა, ამას ადრეც ხომ ამბობდნენო?! ადრე რომ ამბობდნენ, ის ტონი და დღეს რომ ამბობენ, ეს სიბრაზე თუ ვერ გაგირჩევია, პოლიტიკაში რა გინდა?!
ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა მოითხოვა ინაშვილმაო. ყველა ამ სამარცხვინო ბრალმდებელს ვეუბნები: შარლ მიშელის და დანიელსონის ვიზიტები და თქვენი მონური მორჩილება რა იყო? ჩვენი შიდა პოლიტიკური საკითხი რატომ უნდა გადაეწყვიტათ უცხო ქვეყნების დიპლომატებს?! ეს კი არა, მიშელის დოკუმენტს ლამის კონსტიტუციის წონა მიანიჭეთ. ნულპროცენტიანმა ვაშაძემ ილია ჭავჭავაძის სახელი კი არ დაარქვა ფრაქციას, მიშელის ფრაქცია დაირქვეს. აი, ასე გესმით ქვეყნის დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი. ამას გარდა, რა განცხადებებსაც ზოგიერთი ელჩის, მათ შორის ამერიკის ელჩის მხრიდან ვისმენდით ლგბტ პრაიდის დღეებში, ეს ქვეყნის შიდა საქმეეში ჩარევად არ მიგაჩნიათ, არა?! მე მიმაჩნია და ამაზე ღიად ვლაპარაკობ; ქვეყნის ღალატია, რასაც აკეთებს „ქართული ოცნება“. 2020 წლის არჩევნები გააყალბა ლგბტ პარტიების შესატანად პარლამენტში. პირდაპირ ვამბობ: ამ ქვეყანაში არანაირი არჩევნები არ ტარდება. ამერიკელებთან ერთად იწერება, ვის რა პროცენტი უნდა მიანიჭონ. ბოლოს და ბოლოს გაიგეთ ეს, დაიჯერეთ ეს და დაინახეთ ეს; კომენტარის ღირსად არ ვთვლი იმ ორიოდ, ვითომ პოლიტიკოს მანდილოსანს, რომლებსაც -1 მხარდაჭერა აქვთ და ჩემს რეიტინგზე „დარდობენ“.
„ქართული ოცნების“ დეპუტატს, ვინმე სარჯველაძეს კი, რომელმაც ენა ამოიდგა და სამშობლოს ღალატში დამადანაშაულა, ვპასუხობ: ვინა ხარ საერთოდ, საიდან მოხვედი? რა გაგიკეთებია შენი სამშობლოსთვის? ან აფხაზეთის ომის დროს სად იყავი, ან სამაჩაბლოს ომის დროს, ან სააკაშვილის რეჟიმს რომ ვებრძოდით, რომელ საადვოკატო კანტორაში იმალებოდი, დღეს რომ გამომზეურდი?! ჩემი ქვეყანა რომ მიყვარს და ჩემი ქვეყნის ერთგული რომ ვარ, ამიტომ ვიტან ამდენ ლანძღვა-გინებას. ამერიკულ „ჯაველინებს“ ვყიდულობთ 30 მილიონადო, ბავშვური აღტაცებით რომ ხარობს შენი გუნდი, თქვენი ტვინი იმას ვერ ხვდება, რომ ეს თემა აი, ამ წუთებში რუსეთს კიდევ უფრო აბრაზებს და ჩვენი წერილი ვითარებას მხოლოდ განმუხტავს?! ომი რომ დაიწყოს, „ქართული ოცნების“ შენნაირ რამდენ დეპუტატს ვნახავ წინა ხაზზე, გვარები მომწერე. „ნაცმოძრაობაზე“ არაფერს ვამბობ, საკუთარ ავტომობილებს გაასწრებენ წითელ ხიდთან.
ირმა ინაშვილი ვინაა, რატომ წერს ასეთ ღია მიმართვასო. ჩემი ქვეყნის მოქალაქე ვარ. არ მინდა ომი. მინდა მშვიდობა. ვხედავ, დღითიდღე იძაბება ვითარება რუსეთთან, ეს გულს მიმძიმებს და მინდა, სასიკეთო გარდატეხა მოხდეს, გადაიდგას ნაბიჯი დაძაბულობის განმუხტვისთვის. არა მაქვს ამისი უფლება? მაქვს; ახლა მათ საყურადღებოდ, ვისაც აგენტობაზე ლაპარაკი პროფესიად ექცა. აგენტები ღია წერილს არ წერენ, მეცინება ამ კომენტარზეც კი. აგენტი რომ იყო, მეორე მხარისთვის რაიმე ფასეულ ინფორმაციას უნდა ფლობდე, რა ინფორმაციას ვფლობ მე ან ჩვენი გუნდი? მხოლოდ საჯაროდ ვმოქმედებთ. აგენტი რომ იყო, ჯაშუშურ ქსელს უნდა აკონტროლებდე და რაღაცა დესტრუქციულ ქმედებებს გეგმავდე, ან რა ჯაშუშური ქსელი მაქვს და ან რა დესტრუქცია მოვუწყე სახელმწიფოს?! ვაი, თქვენს პატრონს, მართლა“, – წერს ინაშვილი.