ძველი თბილისი ტურისტულ რიტმს უბრუნდება, COVID-პანდემიასთან დაკავშირებული რეგულაციების გამარტივებისა და ავიარეისების აღდგენის შემდეგ bოლო კვირეებში სულ უფრო მატულობს საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობა.
მეზობელ ქვეყნებთან ერთად ტურისტული ნაკადების ზრდა შეინიშნება ევროკავშირის ქვეყნებიდან, ისრაელიდან, ასევე სპარსეთის ყურის სახელმწიფოებიდან.
დედაქალაქის ისტორიული ნაწილის სტუმრობისას ტურისტები აღნიშნავენ, რომ საქართველო უსაფრთხო ტურისტული მიმართულებაა, სადაც მოგზაურობას მეგობრებს ურჩევენ.
„საქართველო აბსოლუტურად უსაფრთხო ტურისტული მიმართულებაა, აქ არ არის პრობლემა ისეირნო დღისით, ღამით. ჩვენს მეგობრებს აუცილებლად ვურჩევთ, რომ ეწვიონ ამ ძალიან ლამაზ ქვეყანას.
ჩვენ საქართველოს შესახებ ბლოგს ვამზადებთ, რომელსაც ჩვენს მეგობრებს გავაცნობთ და გავუზიარებთ იმ შთაბეჭდილებებს, რომელიც საქართველოში მივიღეთ. ჩვენ ძალიან მოგვწონს აქაური ხალხი, ისინი ძალიან კეთილები არიან და ცდილობენ დაგეხმარონ. ჩვენ ცოტა ქართულიც კი ვისწავლეთ.“-ამბობენ ანჯელიკა და ბრუნო ჰარცმანები ავსტრიიდან.
„საქართველო უსაფრთხო ქვეყანაა და არავის, არასდროს უთქვამს რომ რაიმე პრობლემაა. მინდა გითხრათ, რომ საქართველოში ხალხი ძალიან მეგობრულია, ძალიან ღია, ძალიან კეთილი და თბილი ხალხია და ამ ყველაფერმა ჩემზე დიდი შთაბეჭდილება დატოვა.“ -ამბობს პაულო დე ლუკა იტალიიდან.
„ძალიან ბევრი მეგობარი გვყავს დუბაიში, რომლებიც საქართველოში ნამყოფები იყვნენ და მათ გვითხრეს, რომ საქართველო ძალიან უსაფრთხო და კარგი მიმართულებაა, სადაც თავისუფლად გრძნობ თავს. ჩვენ ყველას გავუწევთ რეკომენდაციას, რომ საქართველოს ესტუმრონ. აქ ძალიან კარგი და მეგობრული ხალხია, თავს ისე ვგრძნობთ, როგორც სახლში.“-ამბობენ დომენიკი და ალი დუბაიდან.