20 ივლისს ლეგენდარული კინორეჟისორის, სერგო ფარაჯანოვის გარდაცვალებიდან 31 წელი გავიდა.
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, მარიკა დარჩიას განცხადებით, საკრებულოში დაიწყო თბილისის ერთ-ერთი ქუჩისთვის სერგო ფარაჯანოვის სახელის მინიჭების საკითხის განხილვა.
"დიდი ხელოვანის, სერგო ფარაჯანოვის გარდაცვალებიდან 31 წელი გავიდა. გვსურდა მისი ხსოვნისთვის პატივი მიგვეგო. მან ძალიან საინტერესო ნამუშევრები დაგვიტოვა სრულიად განსხვავებული ესთეტიკით. ასევე სასიხარულოა, რომ საკრებულოში დაიწყო თბილისის ერთ-ერთი ქუჩისთვის სერგო ფარაჯანოვის სახელის მინიჭების საკითხის განხილვა. საუბარია ქუჩაზე სადაც დიდი კინორეჟისორი ცხოვრობდა. დარწმუნებული ვარ რომ ეს ქუჩა ჩვენს ლამაზ დედაქალაქს კიდევ უფრო მეტად გაალამაზებს", - განაცხადა მარიკა დარჩიამ.
ცნობილი კინორეჟისორი სერგო ფარაჯანოვი დაიბადა თბილისში, სომხურ ოჯახში. მისი ნამუშევრები ძირითადად კავკასიის ეთნიკურ მრავალფეროვნებას ასახავს.
ფარაჯანოვის პირველი მნიშვნელოვანი ნამუშევარი „მივიწყებულ წინაპართა აჩრდილები“ (1964) იყო რომელმაც საერთაშორისო აღიარება ჰპოვა.
მისი ნამუშევარი „ბროწეულის ფერი“ (1969) თბილისელ პოეტ საიათნოვას ცხოვრებას ასახავს. ამ ფილმის გამო საბჭოთა მთავრობამ და ფარაჯანოვი 1973 წელს დააპატიმრა.
გათავისუფლების შემდეგ მრავალი წლის განმავლობაში მას ფილმების გადაღება აკრძალული ჰქონდა, თუმცა 80-იან წლებში მას ნება დართეს გადაეღო „ამბავი სურამის ციხისა“ (1984), რომელიც მისი ადრეული ნამუშევრების ფერადოვნების გამოძახილია, ასევე „აშიკი ქერიბი“ (1988) და დაუმთავრებელი ავტობიოგრაფიული სერია „აღიარებისა“, რომელიც შემდგომში მიხეილ ვართანოვის ფილმის „ფარაჯანოვი: ბოლო გაზაფხული“ ნაწილი გახდა.
სერგო ფარაჯანოვი 1990 წლის 20 ივლისს ერევანში გარდაიცვალა.