საერთაშორისო მედია "ტვ პირველის" ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებას ეხმიანება.
საერთაშორისო სააგენტო Reuters-ი წერს, რომ ლგბტქ აქტივისტებმა გააუქმეს ღირსების მარში, მას შემდეგ, რაც ძალადობრივი ჯგუფები თავს დაესხნენ მოქალაქეებს, ჟურნალისტებს და შეიჭრნენ ლგბტ აქტივისტების ოფიში.
"ლექსო ლაშქარავა, რომელსაც ამ ინციდენტის დროს სცემეს, დედამ გარდაცვლილი იპოვა. ასობით დემონსტრანტი შეიკრიბა პარლამენტთან და მმართველი პარტია "ქართული ოცნების" ოფისთან. ისინი მოითხოვენ პრემიერ-მინისტრისა და შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომას ძალადობისა და ლაშქარავას გარდაცვალების გამო. ლაშქარავას სიკვდილმა აღაშფოთა უფლებადამცველები საქართველოში, რომლებიც ხელისუფლებას ადანაშაულებენ სიძულვილის ჯგუფების წახალისებაში. მათი თქმით, ხელისუფლებამ ვერ გამოიჩინა გაბედულება, თავიდან აერიდებინა ჟურნალისტებისა და ლგბტქ აქტივისტების მიმართ თავდასხმა", - წერს Reuters-ი.
ბრიტანული საზოგადოებრივი მაუწყებელი, BBC-ი წერს, რომ ლექსო ლაშქარავამ მძიმე დაზიანებები მიიღო 5 ივლისს თბილისში განხორციელებული ძალადობის დროს, თუმცა ის საავადმყოფოდან გაწერეს.
"მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში სექსუალური ორიენტაციის ნიშნით დისკრიმინაცია უკანონოა, ქვეყანა, რომელიც აღმოსავლეთ ევროპასა და დასავლეთ აზიას შორის მდებარეობს, კვლავ კონსერვატიული რჩება", - წერს BBC.
როგორც გერმანული გამოცემა Deutsche Welle წერს, ლექსო ლაშქარავა ექსტრემისტული განწყობების თავმდამსხმელებმა ლგბტქ პრაიდის წინააღმდეგ საპროტესტო მსვლელობის გაშუქებისას სასტიკად სცემეს.
"იმავე დღეს, ლაშქარავას გარდა, ჰომოფობიური ჯგუფები, რომლებიც დაგეგმილ ღირსების მარშს აპროტესტებდნენ, თავს დაესხნენ 50-ზე მეტ ჟურნალისტს. "საქართველოში ლგბტქ საზოგადოებების მიმართ ძალადობამ აიძულა ორგანიზატორები დაგეგმილი მარში გაეუქმებინათ, რასაც საერთაშორისო აღშფოთება მოჰყვა", - წერს Deutsche Welle.
"ქართველი ოპერატორი ულტრამემარჯვენე, ანტი-ლგბტქ ბრბოს თავდასხმის შემდეგ გარდაიცვალა", - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას ბრიტანული გამოცემა The Guardian-ი.
ლექსო ლაშქარავა, რომელიც 5 ივლისის მოვლენების დროს დაშავდა, გამთენიისას, საკუთარ სახლში გარდაიცვალა. ოპერატორს „თბილისი პარაიდის“ მოწინააღმდეგეები, რადიკალურად განწყობილი ჯგუფები სასტიკად გაუსწორდნენ. ის პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა.
გარდაცვლილი ოპერატორის საქმეზე ალტერნატიულ ექსპერტიზას დამოუკიდებელი ექსპერტი, ალექსანდრე გეჯაძე ჩაატარებს. გარდაცვალების ფაქტს სამედიცინო რეგულირების სააგენტო სწავლობს.
ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე, ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოში, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115 მუხლით დაიწყო. დაინიშნა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა.