რამდენჯერაც იქნება ამგვარი ღონისძიების ჩატარების მცდელობა, ყოველთვის ჩვენი ერი გამთლიანდება ამის წინააღმდეგ ჩვენს ეკლესიასთან ერთად, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ქაშვეთის ტაძარში ქადაგებისას განაცხადა, სადაც მანამდე პარაკლისი ჩაატარა.
"ჩვენ ვიცით, რომ არა ერთი დიდი ერი გადაშენებულა ამ ცოდვის გამო. რამდენჯერაც იქნება ამგვარი ღონისძიების ჩატარების მცდელობა, ყოველთვის ჩვენი ერი გამთლიანდება ამის წინააღმდეგ ჩვენს ეკლესიასთან ერთად. ვწუხვართ, რომ იყო გადაცდომები, სამწუხარო შემთხვევები, არაკორექტული ქმედებები, დაზიანდა რამდენიმე ადამიანი. ჩვენ ამას ვემიჯნებით, მაგრამ ვაფრთხილებდით ამ ღონისიძების ორგანიზატორებს, ხელისუფლებაც აფრთხილებდა, რომ ეს აუტანელი იქნებოდა. ერის გამოწვევა ხდება, ეს არის ძალადობა, ზეწოლა, მორალური, იდეოლოგიური ჩვენს სინდისსა და სულიერებაზე. ეს რომ აღარ განმეორდეს, ვფიქრობთ, ხომ არ არის დრო, ჩვენმა ხელისუფლებამ, საზოგადოებამ დავიწყოთ ფიქრი იმაზე, რომ კანონმდებლობაში აისახოს რელიგიური და ეროვნული გრძნობების შეურაცხყოფის ცნება“, – განაცხადა მეუფე შიომ.