ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) დამატებით 3.03 მილიონ ევროს გამოყოფს, სახელმწიფო სესხის სახით, თბილისის ნაგავსაყრელის სადრენაჟო წყლების სისტემის განსაახლებლად.
პროექტი მწვანე ქალაქების ჩარჩო 2-ის ნაწილი (GrCF2) და პირველი ფაზის შემდგომი ინვესტიციაა, რომლის ფარგლებშიც, ბანკმა, 2018 წელს, 15 მილიონი ევროს ოდენობის სესხი გამოყო თბილისში მყარი ნარჩენების შეგროვების ავტოპარკის, გადამამუშავებელი სადგურისა და სადრენაჟო სისტემის განახლების მიზნით. პროექტი იყენებს ევროკავშირის სტანდარტების შესაბამის საუკეთესო ტექნოლოგიას და ხელს უწყობს არსებული ნაგავსაყრელის გამო გარემოს დაბინძურების შემცირებას.
განახლება, კონკრეტულად, შეეხება სადრენაჟო შეგროვების სისტემას, რაც გააუმჯობესებს ნალექის შედეგად წარმოქმნილი სითხის დრენაჟს და ნარჩენების ბუნებრივ დაშლას ისე, რომ მოხდეს ნაგავსაყრელიდან სათანადოდ გატანა.
კატარინა ბიორლინ ჰანსენმა, EBRD–ის დირექტორმა კავკასიაში, განაცხადა: „მოხარული ვართ, რომ დღეს ხელს ვაწერთ ამ ახალ ხელშეკრულებას. საქართველოს დედაქალაქის 1,1 მილიონზე მეტი მაცხოვრებელი ისარგებლებს მყარი ნარჩენების მართვის გაუმჯობესებული სისტემით. ნარჩენების ეფექტური მართვა დადებითი შედეგის მომტანია მოსახლეობისთვის. ეს ახალი სესხი დამატებით რესურსებს უზრუნველყოფს ინფრასტრუქტურის განახლების კუთხით და თბილისის მოსახლეობისათვის გააუმჯობესებს ეკოლოგიურ ვითარებას.”
EBRD წამყვანი ინსტიტუციური ინვესტორია საქართველოში. ქვეყანაში მუშაობის დაწყების დღიდან, ბანკმა 4 მილიარდი ევროს ოდენობის ინვესტიცია განახორციელა 262 პროექტში - ფინანსურ, კორპორატიულ და ენერგო სექტორებში, ინვესტიციების 79 პროცენტი კერძო სექტორზე მოდის.