საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი საოკუპაციო ხაზთან, სოფელ ციცაგიანთკარში ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ზაზა გახელაძის ოჯახის წევრებს შეხვდა.
ზაზა გახელაძის ოჯახთან გასაუბრების შემდეგ, ელჩმა დეგნანმა განაცხადა, რომ გახელაძის უკანონო დაკავება მაგალითია იმისა, თუ რა როლს თამაშობს რუსეთი საქართველოში.
"ძალიან მოხარული ვარ, რომ მომეცა შესაძლებლობა, მესაუბრა ზაზას ოჯახთან. ვფიქრობ ეს არის გულსატკენი მაგალითი იმისა, თუ რა თამაშს თამაშობს საქართველოში რუსეთი. ამას რეალური შედეგები აქვს ადამიანებზე. ვადასტურებ ამერიკის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ. რუსეთმა უნდა შეასრულოს 2008 წლის შეთანხმება, უკან გაიწვიოს აფხაზეთის და ცხინვალის აღიარება. ეს უნდა შეჩერდეს", – განაცხადა ელჩმა.
საოკუპაციო ძალებმა კასპის მუნიციპალიტეტში, სხვილოს ციხესთან საქართველოს მოქალაქე, ზაზა გახელაძე 2020 წლის 11 ივლისს დააკავეს. როგორც მოგვიანებით გაირკვა, გახელაძე დაკავების დროს დაიჭრა.
2021 წლის თებერვალში ცხინვალის დე ფაქტო სასამართლომ ზაზა გახელაძეს 12 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.