6 ნოემბერს, 16:00 საათზე, რუსთაველის თეატრში, საგამოფენო დარბაზ "ქიმერიონში", იხსნება ფოტოგამოფენა, სახელწოდებით "ამბები საქართველოდან". წარმოდგენილი იქნება 33 ქართველი მოყვარული ფოტოგრაფის 44 ნამუშევარი.
გამოფენა იმართება შვედური კომპანია ArtEast -ის ორგანიზებით. აღნიშნულმა კომპანიამ მიმდინარე წელს გამოაცხადა ფოტოკონკურსი ქართველი დამწყები და მოყვარული ფოტოგრაფებისთვის. კონკურსში მონაწილეობა მიიღო 1400-მა დამწყებმა ფოტომოყვარულმა. საბოლოოდ შეირჩა 33 ავტორი, რომელთა ნამუშევრებიც რუსთაველის თეატრში გამოიფინება.
ArtEast -ი და შვედური ინსტიტუტი SI დაინტერესებული არიან ქართული კულტურისა და ხელოვნების პოპულარიზაციით სკანდინავიის ქვეყნებში. 2011 წლის დასაწყისში ArtEast ტ-ის ორგანიზებითა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და შვედეთში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით იგეგმება ახალგაზრდა ფოტოგრაფთა გამოფენის გაგზავნა შვედეთში.
შვედეთში მსგავსი პროექტი 2009 წლის თებერვალში განხორციელდა. მოეწყო ფოტოკონკურსი ახალგაზრდა ხელოვანთათვის, შემდეგ გაიხსნა გამოფენა და გამოიცა გამოფენის კატალოგი.
გამოფენა რუსთაველის თეატრში 20 ნოემბრამდე გაგრძელდება.