ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე „იარაღის შესახებ" კანონში შესატან ცვლილებებზე იმსჯელეს, რომელიც იარაღის ბრუნვის შეზღუდვის მიზნით შემუშავდა.
კანონს ემატება ახალი მუხლი , რომელიც არეგულირებს გაზის (აირის) იარაღის ტარებისა და ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის ტარებისა და გადატანა-გადაზიდვის წესს.
დასაშვები გახდება გაზის იარაღის ტარება, რადგან იგი თავდაცვის იარაღს წარმოადგენს , თუმცა დაუშვებელი იქნება მისი ღიად ტარება და საჯარო სივრცეში დემონსტრირება.
„ხმოვანი იარაღის გამოყენება დასაშვები ხდება მხოლოდ კონკრეტული მიზნით - თეატრალურ წარმოდგენებში, კინო და სატელევიზიო ჩვენებებში, ისტორიულ რეკონსტრუქციებში, აღლუმებსა და სპორტულ ღონისძიებებში. რამდენადაც მას არ გააჩნია თავდაცვითი ფუნქცია, დაუშვებელი იქნება ასეთი იარაღის ფიზიკური პირის მიერ ტარება", - განაცხადა კანონპროექტის ინიციატორმა ირაკლი ბერაიამ.
კანონპროექტის შესახებ დღესვე თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი იმსჯელებს.