27 მაისს, ცნობილი გახდა "თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის" ფარგლებში, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის მიერ გამოცხადებული, ქართველ მწერალთა სარეზიდენციო პროგრამის გამარჯვებული მწერლების ვინაობა.
პროგრამის ფარგლებში მიღებული აპლიკაციები დეტალურად განიხილა და შეაფასა სპეციალურად შექმნილმა ჟიურიმ, რომლის შემადგენლობაშიც იყვნენ: როსტომ ჩხეიძე, ირაკლი კაკაბაძე, ნინო სადღობელაშვილი, ნესტან (ნენე) კვინიკაძე და ირაკლი სამსონაძე.
ჟიურის გადაწყვეტილებით, გამოვლინდა ათი გამარჯვებული, რომლებსაც, მიმდინარე წლის ზაფხულში, შესაძლებლობა ექნებათ, პროგრამის ფარგლებში წარმოდგენილ ახალ ლიტერატურულ ტექსტებზე, მშვიდ და კომფორტულ გარემოში იმუშაონ. გამარჯვებულები არიან:
მარი ბექაური - "ტოტალური ადამიანი" (სულაკაურის გამომცემლობა);
თამთა მელაშვილი - "ბერტა ფონ ზუტნერის გზა საქართველოში" (სულაკაურის გამომცემლობა);
ნათია როსტიაშვილი - "სხვა სკოლა" (ინტელექტი);
შოთა იათაშვილი - "ნათიას და თათიას თავგადასავალი" (პალიტრა L);
სალომე ბენიძე - "თოვლივით მსუბუქი მიწა" (ინტელექტი);
ილია ჭანტურია - "გემი დავლანდე" (არტანუჯი);
დათია ბადალაშვილი - "მათ სხვა ცხოვრება არ ენახათ" (ინტელექტი);
ეკა ქევანიშვილი - "საბჭოთა (ბავშვობის) ჰერბარიუმი" (მელანი);
პაატა შამუგია - "არგადარჩენა" (ინტელექტი);
დავით რობაქიძე - "რწყილი და ჭიანჭველა" (საარი).
"ქართველ მწერალთა სარეზიდენციო პროგრამა "თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის" ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტია. მოხარული ვარ, რომ კონკურსით არაერთი ავტორი დაინტერესდა. ხოლო გამარჯვებულთა შორის იკითხება, როგორც გამოცდილი, ასევე, ახალბედა მწერლების გვარებიც. ავტორებს სასიამოვნო სამუშაო პროცესს ვუსურვებ და მოუთმენლად ველი, ჩვენი პროექტის ფარგლებში შექმნილ ლიტერატურულ ნაწარმოებებს", - ამბობს "თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის" დირექტორი, ნინია მაჭარაშვილი.
"საკონკურსოდ შემოსული განაცხადების რაოდენობამ დაგვარწმუნა, რომ დღეს ქართველ მწერლებს სარეზიდენციო პროგრამები განსაკუთრებულად სჭირდებათ. ამიტომ, ვიმედოვნებთ, რომ მსგავსი პროექტების განხორციელების საშუალება სამომავლოდაც მოგვეცემა. დაგვარწმუნა იმაშიც, რაოდენ პროდუქტიულები არიან დღეს ქართველი მწერლები და რამდენი ახალი და საინტერესო ტექსტი იქმნება. ჟიურის წევრებისთვის ძალიან რთული აღმოჩნდა არჩევანის გაკეთება, თუმცა, მოხარული ვართ, რომ ქართულ ლიტერატურას, აღნიშნული პროექტის ფარგლებში, მომავალი წლის 23 აპრილამდე, ათი არაჩვეულებრივი, ჟანრობრივად განსხვავებული წიგნი შეემატება", - განაცხადა საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილე, გვანცა ჯობავამ.
მწერალთა სარეზიდენციო პროგრამის მიზანი, ავტორთა მოტივაციის გაზრდა, ნაყოფიერი სამუშაო პროცესისა და შემოქმედებითი საქმიანობის წარმართვაა, რის შედეგადაც, მომავალი წლის აპრილამდე, შეიქმნება და გამოიცემა სრულიად ახალი ლიტერატურული ნამუშევრები.
შერჩეული მწერლებისთვის, პროგრამა ითვალისწინებს ორკვირიანი სამუშაო გარემოს შექმნას საქართველოს არანაკლებ ხუთ სხვადასხვა ქალაქში. გამარჯვებული მწერლები, ასევე, მიიღებენ საავტორო ჰონორარს.
თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი UNESCO-ს პროექტია, რომელიც ხორციელდება თბილისის მერიის ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის გენერალური სპონსორია საქართველოს ბანკი.