საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2021 წლის პირველი მაისისათვის 35.62 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 570.47 მლნ ლარით, ანუ 1.58%-ით ნაკლებია პირველი აპრილისათვის არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 2.56%-ით ნაკლები). აპრილში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების ზრდას 212.22 მლნ ლარით, ანუ 1.27%-ით (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.38%-ით გაიზარდა), ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები 782.68 მლნ ლარით, ანუ 4.00%-ით შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე შემცირდა 5.07%-ით).
დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა მიმდინარე წლის პირველი მაისისათვის 37.29 პროცენტი შეადგინა. პირველი აპრილის მდგომარეობასთან შედარებით, დეპოზიტების ლარიზაცია გაიზარდა 0.75 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით გაიზარდა 1.13 პროცენტული პუნქტით).
აპრილში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 6.24% შეადგინა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 8.82%, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 1.51%.
უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 83.81%, ხოლო ევროს წილმა 14.70% შეადგინა.