დღეს, 4 ნოემბერს, ბელგიის ქალაქ ლუვენის კათოლიკური უნივერსიტეტის სტუდენტური სიმფონიური ორკესტრი თბილისში, მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრში უფასო კონცერტს გამართავს.
3 ნოემბერს კონცერტი გაიმართა გორში, 5 ნოემბერს კი გაიმართება კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ დრამატულ თეატრში.
აქციის მიზანია საქართველოს მოსახლეობის მიმართ მორალური და პოლიტიკური მხარდაჭერა, ასევე საქართველოსა და ბელგიას შორის კულტურული ურთიერთობების გაღრმავება, სტუდენტური და ახალგაზრდული წრეების დაახლოება.
წინასწარი შეთანხმების საფუძველზე საქართველოში გასტროლების შემდეგ 14 ნოემბერს ბელგიაში, ლუვენის უნივერსიტეტში ქართული კულტურის პოპულარიზაციის მიზნით გაიმართება საქართველოსა და ქართული კულტურის პრეზენტაცია და ქართული ღვინის დეგუსტაცია. ასევე იგეგმება სტუდენტური და პროფესიული გაცვლითი კულტურული ღონისძიებების ორგანიზება მუსიკის, სახვითი და ხელოვნების სხვა დარგების წარმომადგენელთა მონაწილეობით.
გასტროლები იმართება საქართველოში ევროკავშირის დელეგაციასთან, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის და გორის სახელმწიფო უნივერსიტეტებთან თანამშრომლობით და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის, თბილისის მუნიციპალიტეტის და კულტურისა და გარემოს დაცვის სამინისტროების მხარდაჭერით.
ორკესტრი საქართველოში 30 ოქტომბერს ჩამოვიდა. მათი ვიზიტი 6 ნოემბრის ჩათვლით გასტანს.