საქართველოსა და საბერძნეთს შორის პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა. აღნიშნულის ფარგლებში ბერძნულმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა სრული მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში, ასევე, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის პროცესისადმი.
ქართულმა მხარემ ბერძნულ მხარეს მიაწოდა ამომწურავი ინფორმაცია ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობის, საქართველოში მიმდინარე შიდაპოლიტიკური პროცესებისა და რეფორმების შესახებ. აღინიშნა საბერძნეთის მხარდაჭერის და მისი გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესებში. მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოსა და საბერძნეთის რესპუბლიკას შორის არსებული ორმხრივი პოლიტიკური, ეკონომიკური თუ კულტურული ურთიერთობები.
მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის სამართლებრივი ბაზის გაფართოების მნიშვნელობაზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ევროკავშირთან და ნატოსთან ურთიერთობების არსებულ მდგომარეობას და სამომავლო პერსპექტივებს. შეხვედრებზე აღინიშნა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავებისა და მრავალმხრივ ფორმატში ურთიერთქმედების გაგრძელების აუცილებლობაც.