სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა საქართველოსთან საზღვარზე მდებარე აირუმ-ჯილიზას საბაჟო პუნქტი მოინახულა. ამის შესახებ ერევნიდან სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენის" კორესპოდენტი იტყობინება.
"ჯი-ეიჩ-ენის" კორესპოდენტის ინფორმაციით, სომხეთის პრეზიდენტი სტრუქტურის მუშაობას გაეცნო და აქ ამოქმედებული ახალი ტექნიკური საშუალებები მოინახულა.
სომხეთის პრეზიდენტთან ერთად საბაჟო პუნქტზე იმყოფებოდა სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტის ხელმძღვანელი გააგიკ ხაჩატრიანი.
აღსანიშნავია, რომ დღეიდან აირუმ-ჯილიზას საბაჟო პუნქტზე მოქმედებს ახალი, თანამედროვე სტანდარტებისა და ნორმების შესაბამისი სრულიად რეკონსტრუირებული კორპუსი.
სამუშაო გრძელდება ორსართულიან, რეკონსტრუირებულ და ტექნიკურად მოდერნიზირებულ შენობაში საერთო ფართით 555 კვ.მ.
ამჟამად საბაჟო 400 ათას ტონა ტვირთს ატარებს. საბაჟოს ტექნიკური განახლებისა და შენობის რეკონსტრუქციისათვის სომხეთის ბიუჯეტიდან დახარჯულია 125 მილიონი დრამი.