ჩინეთი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მხარს უჭერს. ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მხარდაჭერა ჩინურმა მხარემ საქართველოს მთავრობის წევრებთან პეკინში გამართულ შეხვედრებზე კიდევ ერთხელ დააფიქსირა.
"ჩინეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრებზე კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ეს ქვეყანა მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ჩვენ კი _ ჩინეთის ტერიტორიულ მთლიანობას", - განუცხადა ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის უფროსმა ნიკო მჭედლიშვილმა მთავრობის დელეგაციის ჩინეთში ვიზიტის შედეგების შეჯამებისას.
მჭედლიშვილი დადებითად აფასებს ორ ქვეყანას შორის არსებულ ეკონომიკურ ურთიერთობებსაც და განმარტავს, რომ ჩინეთის მთავრობა თავისი ქვეყნის ბიზნესმენებს ინვესტიციების სწორედ საქართველოში ჩადებისკენ მოუწოდებს.
"საქართველოს დელეგაციისთვის მოულოდნელიც კი იყო ის ინტერესი, რაც ჩვენს ქვეყანაში ინვესტიციების ჩადებასთან დაკავშირებით ჩინეთში გამოითქვა", - განმარტა მჭედლიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს სამთავრობო დელეგაცია, როემლსაც პრემიერი ნიკოლოზ გილაური ხელმძღვანელობდა, აზიური ტურნეს ფარგლებში ჩინეთს 24 ოქტომბრიდან ერთი კვირის განმავლობაში სტუმრობდა.