იმისათვის, რომ ევროკავშირმა საქართველოს ნამდვილი მეგობრობა გაუწიოს, საქართველოს მხრიდან შეთანხმების შესასრულებლად გადადგმული ნაბიჯები გადამწყვეტი იქნება, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადმა წარმომადგენელმა, კრისტიან დანიელსონმა ევროპარლამენტარების მონაწილეობით საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების შესახებ გამართულ ონლაინ დისკუსიაზე განაცხადა.
დანიელსონის განცხადებით, ძალაუფლების დანაწილების მექანიზმების გათვალისწინებით, საქართველოს აქვს შანსი, პროგრესული საპარლამენტო მოდელი შექმნას.
"19 აპრილის შეთანხმებით დასრულდა ექვს თვიანი პროცესი და გაჩნდა პოლიტიკური კრიზისის გადაჭრის რეალური შესაძლებლობა. დოკუმენტი მოიცავს არაერთ მნიშვნელოვან წინადადებას, რამაც გრძელვადიანი გავლენა შესაძლოა იქონიოს ქართული დემოკრატიის ჩამოყალიბებაზე. დიდი დრო დაეთმო საარჩევნო რეფორმის საკითხებს, რაც როგორც წარსულში, ისე აწმყოში ერთერთ ყველაზე პრობლემურ საკითხად იკვეთება ქართულ პოლიტიკაში. არანაკლებ მნიშვნელოვანია მართლმსაჯულების სისტემის რეფორმირების მიმართულებით შემოთავაზებული ნაბიჯები. დემოკრატია არ არსებობს კანონის უზენაესობის მყარი საფუძვლის გარეშე. შეთანხმება კარგი დასაწყისია მართლმსაჯულების რეფორმის პროცესში კიდევ ერთი ნაბიჯის გადასადგმელად. ძალაუფლების დანაწილების მექანიზმების გათვალისწინებით, საქართველოს აქვს შანსი, პროგრესული საპარლამენტო მოდელი შექმნას. მნიშვნელოვანი იყო პოლიტიკური აქტორებისთვითვის იმის ახსნა, თუ რა იდგა საფრთხის ქვეშ და რატომ უნდა მომხდარიყო შეთანხმება ახალ დოკუმენტზე. იმისათვის, რომ ევროკავშირმა საქართველოს ნამდვილი მეგობრობა გაუწიოს, საქართველოს მხრიდან შეთანხმების შესასრულებლად გადადგმული ნაბიჯები გადამწყვეტი იქნება. უახლოეს მომავალში უნდა შეთანხმდეს ამნისტიის შესახებ კანონი. ამასთანავე, მუშაობა უნდა გაგრძელდეს საარჩევნო რეფორმაზე. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ მეტი ყურადღება უნდა დაეთმოს Covid პანდემიის მართვას, ეკონომიკის გაძლიერებას, გარემოსა და კლიმატის ცვლილებისა და ციფრული ტრანსფორმაციის საკითხებს", - განაცხადა დანიელსონმა.
12 მაისს, ღია საზოგადოების ფონდების ბრიუსელის და საქართველოს ოფისების ინიციატივით ევროპარლამენტარ პეტრას ოსტრიავიჩუსის პატრონაჟით (ALDE/ლიეტვუა) ჩატარდა ონლაინ დისკუსია "როგორ შეიძლება საქართველომ აღადგინოს პოლიტიკური სტაბილურობა და შეუდგეს რეფორმებს?! (How Georgia can restore political stability and reform momentum)
დისკუსია დაეყრდნო ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის დოკუმენტსა და მის შემდგომ აღსრულებას.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ ევროპარლამენტის წევრები თითქმის ყველა პოლიტიკური ჯგუფიდან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.
მთავარი მომხსენებლები იყვნენ ევროკავშირის მედიატორი ქრისტიან დანიელსონი, ევროპარლამენტარები პეტრას აუსტრევიჩიუსი, ანდრიუს კუბილიუსი, ანა ფოტიგა, ღია საზოგადოების ფონდების წარმომადგენლები ქეთი ხუციშვილი საქართველოდან და ისკრა კიროვა ბრიუსელის ოფისიდან. პანელურ დისკუსიაში ასევე მონაწილეობდნენ შოთა დიღმელაშვილი და ბაკურ კვაშილავა.