ქართველმა პიანისტმა ანა გოგავამ ჰოლანდიის ქალაქ ენსხედესში ახალგაზრდა პიანისტთა საერთაშორისო კონკურსი მოიგო.
კონკურსი 23-29 ოქტომბერს ენსხედეს კონსერვატორიიც მცირე დარბაზში ჩატარდა ორ ასაკობრივ კატეგორიაში - 15 და 20 წლამდე პიანისტთა შორის.
წელს უფროს ასაკობრივ კატეგორიაში მონაწილეობას იღებდა თბილისის ზ.ფალიაშვილის #1 სამუსიკო სასწავლებელის მოსწავლე, საერთაშორისო და რესპუბლიკური კონკურსების ლაურეატი ანა გოგავა (დამსახურებული პედაგოგის დოდო ცინცაძის კლასი). მან ფინალურ ტურში, რომელშიც 5 ახალგაზრდა შემსრულებელი მონაწილეობდა, გამარჯვება მოიპოვა და პირველი საპრიზო ადგილი დაიმსახურა. ამას გარდა, მას მიენიჭა ჟიურის, პუბლიკისა და პრესის სიმპათიის პრიზები. მეორე ადგილი პოლონელმა პიანისტმა დაიკავა, ხოლო მესამე _ უკრაინელმა.
აღსანიშნავია, რომ 2008 წლის ამ კონკურსზე უმცროს ასაკობრივ კატეგორიაში პირველი პრემია ასევე დაიმსახურა თბილისის ზ.ფალიაშვილის #1 სამუსიკო სასწავლებელის მოსწავლემ ნინო კუპრეიშვილმა.
ანა გოგავა არის მრავალი საერთაშორისო და რესპუბლიკური კონკურსების პირველი პრემიის ლაურეატი, მათგან აღსანიშნავია მისი გამარჯვება და პირველი ადგილის მოპოვება ხარკოვში ჩატარებულ ვლადიმერ კრაინევის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსებზე 2004 და 2008 წლებში უმცროს და უფროს ასაკობრივ კატეგორიებში, ასევე პარიზში ნიკოლაი რუბინშტეინის სახელობის კონკურსი, კონცერტები მოსკოვში, კიევში, ხარკოვში, თბილისში, ბათუმში, ესპანეთის ქალაქებში და სხვა.
სხვადასხვა წლებში იგი იყო პრეზიდენტის სტიპენდიანტი, ასევე ლიზა ლეონსკაიას, მიშელ სონის, კრაინევის და სპივაკოვის ფონდების სტიპენდიანტი....
ანა გოგავა საერთაშორისო კონკურსზე კლასიკური მუსიკის ხელშეწყობის ასოციაციის დახმარებით გაემგზავრა, რომლის დამფუძნებელი და დირექტორია საქართველოს პირველი ლედი სანდრა ელისაბედ რულოვსი.