"დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" ლიდერი ნინო ბურჯანაძე მიხეილ სააკაშვილის მიღწევებზე საუბრობს.
"რა თქმა უნდა, მას გარკვეული მიღწევებიც აქვს. ასე რომ არ იყოს, 2008 წლის აპრილამდე მის გუნდში არ ვიქნებოდი", - აცხადებს ბურჯანაძე ავსტრიულ გამოცემა "DER STANDART"-თან ინტერვიუში და ყოფილი თანაგუნდელისა და ამჯამინდელი ოპონენტის მიღწევებს განმარტავს.
"ბევრი რამ გაკეთდა კორუფციის წინააღმდეგ. დღეს მასწავლებლები, ექიმები, უნივერსიტეტის პროფესორები და პოლიცია ქრთამს არ იღებენ,"- ამბობს ბურჯანაძე, თუმცა აქვე იმასაც დასძენს, რომ "დღეს კორუფცია ელიტარული გახდა".
"აქ ვერც ერთ სამთავრობო პროექტს, რომლის ღირებულებაც 100 000 დოლარზე მეტია ვერ განახორციელებ ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირებთან გარიგების გარეშე. ჩვენს სახელმწიფოში ტოტალური არა, მაგრამ ელიტარული კორუფციაა", - განმარტავს საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე.
გარდა ამისა, ინტერვიუში ნინო ბურჯანაძე ევროსტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის პერსპექტივებზეც საუბრობს და ამტკიცებს, რომ ქვეყანას ნატო-ში წევრობის შანსი საერთოდ აღარ აქვს, ევროკავშირი შესვლას კი მინიმუმ 20 წლის განმავლობაში უნდა დაემშვიდობოს.
"საქართველოს ნატოში გაწევრიანების შანსი აღარ აქვს და ამაზე სააკაშვილმა იზრუნა. ევროკავშირში გაწევრიანების შანსსაც მომდევნო 20 წლის განმავლობაში ვერ ვხედავ", - აცხადებს ის.