"დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" ლიდერის ნინო ბურჯანაძის მტკიცებით, მიხეილ სააკაშვილი საპრეზიდენტო ვადის გასვლის შემდეგ პრემიერ-მინისტრად გახდომისთვის ემზადება.
სწორედ აღნიშნულს უკავშირებს ქვეყნის პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე საქართველოს კონსტიტუციაში ბოლოდროინდელ ცვლილებებს.
"არავის ეჭვი არ ეპარება იმაში, რომ ეს საკონსტიტუციო ცვლილებები სააკაშვილს იმისთვის სურდა, რომ საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ პრემიერ-მინისტრად დარჩეს", - განაცხადა ბურჯანაძემ ავსტრიული "DER STANDART"-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.
ამასთან, ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი იმასაც განმარტავს, რომ საქართველოს პრეზიდენტს პრემიერის პოსტზე გადანაცვლება იმის გამო სურს, რომ მას "მომავლის და სამართლიანი სასამართლოს ეშინია".
"მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ხალხი მის პრემიერად გახდომას არ შეეგუება", - განმარტავს ბურჯანაძე და აქვე იმასაც დასძენს, რომ მიხეილ სააკაშვილის გადაყენებისთვის კლასიკური იმპიჩმენტის გზა საკმარისი არ იქნება.
"სამწუხაროდ, კლასიკური იმპიჩმენტის გზა არარეალურად მეჩვენება. პარლამენტში უმრავლესობა ამას მხარს არ დაუჭერს. ამიტომ ჩემს პარტიას სურს რეგიონებიდან ეროვნული კრების მოწვევა. ჩვენ ვკითხავთ ამ ხალხს, სურთ თუ არა მათ შემდგომშიც ჰყავდეთ პრეზიდენტი, რომელმაც ჩვენი ტერიტორიის 20% დაკარგა, სატელევიზიო გამოსვლებში ყოველდღე ცრუობს და რომლის მმართველობის დროსაც ქვეყანამ ნორმალური დემოკრატიული განვითარების ყოველგვარი პერსპექტივა დაკარგა. მე ჩემს მოვალეობად მიმაჩნია ამ პრეზიდენტის გადაყენებას მივაღწიო, რომ მან ყველაფრისთვის რაც ჩაიდინა სასამართლოს წინაშე პასუხი აგოს", - დასძენს ის