EurasiaNet.org - მა საქართველოს მთავრობასა და MTV-ს შორის შესაძლო ხელშეკრულების გაფორმებას სტატია მიუძღვნა.
"საქართველოს მთავრობა და MTV ახლოს არიან იმ შეთანხემის გაფორმებასთან, რომელმაც სამხრეთ კავკასიის ეს ქვეყანა, შესაძლოა პოპ მუსიკის მოყვარულთა ლაშქრობის ადგილად აქციოს", - წერს რუსული საინფორმაციო პორტალი EurasiaNet.org
პორტალის ჟურნალისტ მოლი კროსოს მტკიცებით, EurasiaNet.orgგ-ისთვის ცნობილი გახდა, რომ ქართველი ჩინოვნიკები და MTV-ს წარმომადგენლები საქართველოში მაღალი კლასის როკ-კონცერტების სერიის გამართვაზე აქტიურ მოლაპარაკებებს მართავენ. წყარომ, რომელიც ამ პროცესთან ახლოსაა, ანონიმურობის პირობით EurasiaNet.orgგ-ს განუცხადა, რომ მოლაპარაკებები „ძალიან, ძალიან აქტიურად მიმდინარეობს".
"თუკი შეთანხმება მიღწეულ იქნება, კონცერტები MTV Impact-ის (გასართობი მუსიკალური ქსელის ახლახანს ჩამოყალიბებული განყოფილების) ეგიდით გაიმართება, რომელიც საკონცერტო პროექტებს ეკონომიკური განვითარების წახალისებისა და აღმოსავლეთ ევროპაში, რუსეთში, აფრიკაში, ინდოეთსა და ახლო აღმოსავლეთში MTV-ის ბაზრების გაფართოების მიზნით ახორციელებს. წელს, უფრო ადრე, MTV Impact-ის მიერ კონცერტების ორგანიზება აზერბაიჯანში (საქართველოს სამხრეთელი მეზობელი) წარმატების გარეშე დასრულდა" - წერს სტატიაში მოლი კროსო.
სტატიის მიხედვით, ინფორმაცია MTV-სთან მოლაპარაკებებზე მალევე გაჩნდა მას შემდეგ, რაც ბოლო წუთს ჩაიშალა ნიუ-იორკის ფილარმონიის ორი კონცერტი, რამაც დარტყმა მიაყენა მთავრობის ძალისხმევას საქართველო კულტურულ ცხელ წერტილად ექცია.
"სექტემბერში, MTV Impact-ის ხელმძღვანელმა ნეილ შარმამ თბილისში იმოგზაურა იმ მიზნით, რომ ქართული და უცხოური ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვედროდა კონცერტების ჩატარების რეკლამირებისა და ამ საქმეში კერძო სექტორის მხარდაჭერის მოპოვებისთვის. MTV Impact-ის ერთი კონცერტის ღირებულება მინიმუმ 2 მილიონი დოლარია, შესაბამისად ფინანსები მოლაპარაკებების მთავარი ფაქტორია". - განმარტავს კროსო სტატიაში.
მისი მტკიცებით, MTV -ს კონცერტების ერთ-ერთი დამფინანსებელი კომპანიის ვინაობა უკვე ცნობილია. "სამთო-მწარმოებელი კომპანია „მადნეულის" წარმომადგენელმა („მადნეული" რუსების მფლობელობაშია) დაადასტურა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ კომპანიას სურს MTV Impact-ის ღონისძიების სპონსორი გახდეს. დეტალები „მადნეულის" შესაძლო სპონსორობის მასშტაბების შესახებ ჯერ-ჯერობით უცნობია", - აღნიშნულია სტატიაში.
EurasiaNet.org-თან სატელეფონო ინტერვიუში MTV Impact-ის ხელმძღვანელმა შარმამ მხოლოდ ის დაადასტურა, რომ ქსელი საქართველოში „ბიზნეს შესაძლებლობებს იკვლევს".
თუკი პროექტი განხორციელდება, კონცერტები The Isle of MTV-ის ფესტივალების მსგავსი იქნება, როდესაც ხმელთაშუაზღვისპირეთის კუნძულ მალტაზე ისეთი საერთაშორისო პოპ-ვარსკვლავები და მათი ათობით ათასი ფანი იყრის თავს, როგორებიც არიან მაგალითად Lady GaGa, Scissors Sisters, Black-Eyed Peas da Kelis.